მომხმარებელთა უფლებები - ეს ის კრებითი ცნებაა, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკურ ურთიერთობაში მონაწილე ინდივიდის უფლებას, მიიღოს ხარისხიანი, უსაფრთხო საქონელი და მომსახურება, ასევე მასთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია, ხოლო კომპანიების მიერ ამ ვალდებულებათა უგულებელყოფის შემთხვევაში მოითხოვოს საკუთარი დარღვეული უფლების აღდგენა, მათ შორის, ზიანის ანაზღაურება. იმ ფონზე, როდესაც მოსახლეობის ელექტროენერგიით, ბუნებრივი გაზითა და წყალმომარაგებით უზრუნველყოფის პროცესში მომხმარებელთა ინტერესების დარღვევის საფრთხე ხშირად რეალურია, სემეკის ერთ-ერთი მთავარი მიზანია მომხმარებელთა ინტერესების დაცვა შესაბამისი სამართლებრივი საშუალებებით და ამ სამართლებრივი მექანიზმების შექმნა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. როგორც ენერგოომბუდსმენის წარმომადგენელი იმერეთის რეგიონში ნინო გულეიშვილი აცხადებს, მოსახლეობაში მომხმარებელთა უფლებების ცნობიერების დონე გაუმჯობესებულია, რაც სტრუქტურის ეფექტიანი მუშაობის შედეგია.
“უნდა აღინიშნოს, რომ წინა წლებთან შედარებით ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროში მომხმარებელთა უფლებების ცნობიერების დონე გაზრდილია. ამ პროგრესის მიზეზი კი ისაა, რომ დიდი რაოდენობით კამპანია ჩატარდა მოსახლეობის ინფორმირების კუთხით, რასაც ახორციელებდა და ახორციელებს როგორც კომისია, ისე უშუალოდ ჩვენი სამსახური. ჩატარდა ძალიან ბევრი საინფორმაციო სახის შეხვედრა როგორც მუნიციპალიტეტებთან, ისე მომხმარებლებთან. ბოლო პერიოდში ყველაზე მეტად აღსანიშნავი არის ის, რომ მომხმარებლები წინასწარ კონსულტაციებს გადიან, სანამ რაიმე სახის სამართლებრივ ურთიერთობას წამოიწყებენ. მე ვფიქრობ, რომ ცნობიერების ამაღლება კვლავ გამოწვევად რჩება, თუმცა წინა წლებთან შედარებით მომართვიანობიდან გამომდინარე პროგრესი აშკარაა“. - აცხადებს ნინო გულეიშვილი.
კითხვაზე თუ როგორია ცნობიერების ხარისხი მომხმარებლებში რეგიონების მიხედვით ენერგოომბუდსმენი აცხადებს, რომ თითოეული რეგიონში პროგრესი მეტ-ნაკლებად შეიმჩნევა.
„მაგალითად საუბარს თუ დავიწყებთ იმერეთის რეგიონით, იგი ერთ-ერთი ყველაზე კარგად ინფორმირებული რეგიონია მომხმარებელთა უფლებების ცნობიერების დონის მიხედვით. სხვა რეგიონებს რაც შეეხება, ცხადია, გამოწვევები ამ მხრივ არსებობს, თუმცა, მაგალითად, კახეთში ჩვენმა სამსახურმა ძალიან ბევრი იმუშავა, რომ ცნობიერება ამაღლებულიყო. რაც შეეხება დედაქალაქს, ბუნებრივია, რომ უფლებები მათ კარგად იციან და ისინი ჩვენ ხშირად მოგვმართავენ“. - აღნიშნავს ნინო გულეიშვილი.