სემეკის მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის აპარატის უფროსი, თემურ თორდინავა ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილებების შესახებ საუბრობს, მისი ინფორმაციით, თანამედროვე ეპოქაში ენერგეტიკის სექტორი ნებისმიერი სახელმწიფოს ეკონომიკური სტაბილურობის, სოციალური კეთილდღეობისა და ეროვნული უსაფრთხოების ქვაკუთხედს წარმოადგენს. თუმცა, გლობალური კლიმატის ცვლილება და მისგან გამოწვეული სტიქიური მოვლენები: უხვი ნალექი, დიდთოვლობა, მეწყრული პროცესები, წყალდიდობები და შტორმები სულ უფრო დიდ საფრთხეს უქმნის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.
როგორც თემურ თორდინავა აცხადებს, ენერგოსისტემის მცირე შეფერხებასაც კი შეუძლია ჯაჭვური რეაქციის გამოწვევა. მისი შეფასებით, საქართველომ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ენერგეტიკული სექტორის რეფორმირების თვალსაზრისით, თუმცა ენერგოინფრასტრუქტურა კვლავ გამოწვევების წინაშეა კლიმატური კატასტროფების მიმართ. სწორედ ამ გამოწვევაზე მზადყოფნის გასაძლიერებლად, სემეკის მიერ დაფუძნებულმა ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრმა ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით წამოიწყო ახალი ინიციატივა: „ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების დროს“.
პროექტის მთავარი ინოვაციური ელემენტი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისადმი მზადყოფნის კომპლექსური, მრავალშრიანი ინტეგრირებაა.
"ინიციატივა ქმნის უნიკალურ მოდელს, სადაც ქართველი ექსპერტების ცოდნა, ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების მდიდარი კანონმდებლობა და პრაქტიკული გამოცდილება ერთიანდება. ერთობლივი ძალისხმევით დაგეგმილი აქტივობები უზრუნველყოფს დასახული მიზნებისა და ისეთი პრაქტიკული შედეგების მიღწევას, რომლებიც მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს ენერგოსექტორის მდგრადობას. ინიციატივისთვის გურიის რეგიონის საპილოტე არეალად შერჩევა განაპირობა, მისმა კლიმატურმა მოწყვლადობამ და მნიშვნელოვანმა ენერგეტიკულმა პოტენციალმა,"-აცხადებს თემურ თორდინავა.
მისივე განცხადებით, რეგიონში არსებული რთული მეტეოროლოგიური პირობები უხვი ნალექი და დიდთოვლობა სერიოზულ საფრთხეს უქმნის ენერგოინფრასტრუქტურის სტაბილურობას, რაც თვალსაჩინოდ დაადასტურა 2025 წლის თებერვლის დიდთოვლობამ. სწორედ გურიის მაგალითზე შეიქმნება ენერგოინფრასტრუქტურის უსაფრთხოების პრაქტიკული გზამკვლევი და ეს მოდელი შემდგომში საქართველოს სხვა მოწყვლად რეგიონებშიც გავრცელდება.
,,ენერგოინფრასტრუქტურის უსაფრთხოება საჭიროებს ახალ მოდელს კლიმატის ცვლილებებთან მზადყოფნის გასაძლიერებლად“ ინიციატივის სულისკვეთებაც ესაა: ვიშეგრადის ქვეყნების (უნგრეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი) გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მდგრადობისა და კლიმატთან დაკავშირებული კატასტროფების მიმართ მზადყოფნის საკითხებზე. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კვლევის მომზადება, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და რეგულაციების შესწავლა, პრაქტიკული გზამკვლევის/მოდელის და საერთაშორისო ექსპერტების მიერ შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება,"-აცხადებს თორდინავა.











