მომხმარებელთა უფლებები - ეს ის კრებითი ცნებაა, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკურ ურთიერთობაში მონაწილე ინდივიდის უფლებას, მიიღოს ხარისხიანი, უსაფრთხო საქონელი და მომსახურება, ასევე  მასთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია, ხოლო კომპანიების მიერ ამ ვალდებულებათა უგულებელყოფის შემთხვევაში მოითხოვოს საკუთარი დარღვეული უფლების აღდგენა, მათ შორის, ზიანის ანაზღაურება.

იმ ფონზე, როდესაც მოსახლეობის ელექტროენერგიით, ბუნებრივი გაზითა და წყალმომარაგებით უზრუნველყოფის პროცესში მომხმარებელთა ინტერესების დარღვევის საფრთხე ხშირად რეალურია, სემეკის ერთ-ერთი მთავარი მიზანია მომხმარებელთა ინტერესების დაცვა შესაბამისი სამართლებრივი საშუალებებით და ამ სამართლებრივი მექანიზმების შექმნა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით კომისია ადგენს ნორმატიული აქტებით ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში კომპანიებისა და მომხმარებელთა ურთიერთობის წესებს, რომლებითაც განისაზღვრება კონკრეტული კომუნალური მომსახურების როგორც მიმწოდებლის (კომპანიის), ისე მომხმარებლის უფლებები და ვალდებულებები. კომისია ენერგეტიკული ბაზრის მონაწილე სუბიექტებს შორის ერთგვარი მედიატორის როლს ასრულებს და მათი ინტერესებისა და უფლებების დაცვის გარანტორია.

უნდა აღინიშნოს, რომ წლების განმავლობაში სემეკი მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით სხვადასხვა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამდა, რამაც, საბოლოო ჯამში, ამ მიმართულების დახვეწასა და განვითარებას შეუწყო ხელი. მათ შორის, კომისიას გააჩნია კომპანიასა და მომხმარებელს შორის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე დავის გადაწყვეტის უფლებამოსილება, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მომხმარებელთა ინტერესების დაცვის სფეროში კომისიის ფუნქციები და ვალდებულებები და გაამარტივა დავის გადაწყვეტის პროცესი. გარდა ამისა, სემეკის აპარატში მომხმარებელთა საჩივრების განმხილველი ცალკე სტრუქტურული ერთეული ჩამოყალიბდა, რამაც ხელი შეუწყო მომხმარებელსა და კომპანიას შორის წარმოშობილი დავის დროულ და სრულყოფილ გადაწყვეტას, რასაც ასევე აადვილებს კომისიისა და სასამართლოს პრაქტიკის განზოგადება და გადაწყვეტილებების ამ პრაქტიკის გათვალისწინებით მიღება.

ყურადსაღებია ისიც, რომ კომისიაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოწყვლადი მომხმარებლის უფლებების დაცვას. ამ მიზნით სათანადო რეგულაციები აისახა კომისიის სამართლებრივ აქტებში და გრძელდება მუშაობა საერთაშორისო გამოცდილების შესწავლისა და შემდგომში კომისიის საქმიანობაში მათი დანერგვის მიზნით.

იქიდან გამომდინარე, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვა საკმაოდ კომპლექსურია და მუდმივ განვითარებას საჭიროებს, სემეკში აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით პროცესების დახვეწა პერმანენტულად განხორციელდება.

მომხმარებელთა უფლებების დაცვა მუდმივი გადაფასებისა და განვითარების პროცესშია. მათი დამცავი ქმედითი მექანიზმების შემოღება და არსებულის გაუმჯობესება ფეხდაფეხ მიჰყვება საზოგადოების განვითარებას, ამიტომ მომხმარებელზე ზრუნვა, მათი უფლებების დაცვის ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმების შექმნა რჩება კომისიის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად“. - აცხადებენ სემეკში.