საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე წლის მესამე კვარტალის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ ტენდენციასაც დაეთმო. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, მესამე კვარტალში მომხმარებლებს ჩამოეწერათ 49 066.61 ლარი. რაც შეეხება ჩამოწერილი თანხების მოცულობას სექტორებში. ანგარიშის თანახმად, ელექტროენერგეტიკის სექტორში მომხმარებლებს 624,74 ლარი ჩამოეწერათ, ბუნებრივი გაზის სექტორში 7963.30ლარი, წყალმომარაგების სექტორში კი 40 748.57 ლარი. რაც შეეხება ხანდაზმულ სესხებს, კომისიის ინფორმაციით, მესამე კვარტალში 29 389.63 ლარის ხანდაზმული სესხები ჩამოიწერა.
გარდა ამისა, დოკუმენტში ყურადღებაა გამახვილებული რეგულირებადი კომპანიების დაჯარიმების საკითხსაც. უფრო კონკრეტულად, კომისიის გადაწყვეტილებით, სს “ენერგოპრო-ჯორჯია” დაჯარიმდა და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 40 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა. კომპანიამ არ შეასრულა “ მომსახურების ხარისხის წესებით” გათვალისწინებული მოთხოვნები მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების შესახებ ელექტრონულ ჟურნალში სრული და ზუსტი ინფორმაციის ასახვასთან დაკავშირებით. ამასთან, კომისიამ ახალი მომხმარებლის ქსელთან მიერთების პროცედურების დარღვევის გამო სს “თელასი” დააჯარიმა. კომპანიას დაევალა სემეკის მიერ განსაზღვრულ ვადაში დარღვევების აღმოფხვრა და დაკისრებული ჯარიმის - 5 ათასი ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში.
ელექტროენერგიის უკანონო მოხმარებისა და არამიზნობრივად გამოყენების გამო დაჯარიმდა შპს “ენერგეტიკი”. კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 5 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა. ასევე 5 ათასი ლარით დაჯარიმდა შპს “საჩხერის წყალკანალი”. დაჯარიმების მიზეზია წყალმომარაგების საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო საშუალებების რეგლამენტთან და სტანდარტებთან შესაბამისობის დოკუმენტაციის კომისიაში წამროუდგენლობა.