ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბუდაპეშტში „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმების მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს, უნგრეთის, რუმინეთის, აზერბაიჯანის და ბულგარეთის მთავრობათა წარმომადგენლებმა უნგრეთის დედაქალაქში შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე აქტუალური საკითხები განიხილეს.

ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ეკონომიკური, მათ შორის ენერგეტიკული ინტეგრაცია. მან მინისტერიალის მონაწილეებს საქართველოს ენერგოსექტორში არსებული სურათი გააცნო -  როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველო  ჰიდრორესურსებით მდიდარი ქვეყანაა და მთავრობა აქტიურად მუშაობს მათი ათვისების მიმართულებით.

„ჩვენი მიზანია ევროკავშირის ბაზარზე ელექტროენერგიის გატანა. ასევე ვმუშაობთ ენერგიის განახლებადი წყაროების პროექტების შემუშავება-განვითარებაზე.  ამასთან, ჩვენი მიზანია მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მცირე და საშუალო ზომის სადგურების მშენებლობას და ამ მიმართულებით არაერთ ღონისძიებას ვატარებთ. ჩვენ ასევე ავამოქმედეთ ე.წ. „ფასის შორის სხვაობის მექანიზმი“, რომელიც ხელს შეუწყობს ენერგეტიკის სექტორს, კიდევ უფრო სტაბილური გახდეს“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

მან „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის“ პროექტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა რეგიონული ენერგო-უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების და ამ მიმართულებით, თანამშრომლობის პროცესში. მისი შეფასებით, ეს უმნიშვნელოვანესი პროექტია მინისტერიალის მონაწილე ქვეყნების საერთო მიზნების კონტექსტში.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან დავითაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ჰიდროენერგიის განვითარების კვალდაკვალ საქართველოსთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მზისა და ქარის რესურსების გამოყენება და ამ მიმართულებითაც უკვე არაერთი წარმატებული პროექტი არსებობს. ამასთან, მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის მიზანია, რომ ენერგოსექტორში ჩართული ინვესტორების მიერ გამომუშავებული ჯამური ენერგია 3-4 გიგავატს აღწევდეს.