ეკონომიკისა და მდგრდი განვითარების მინისტრის შეფასებით, ბოლო წლებში საქართველოში არსებული მაღალი ეკონომიკური ზრდის პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ენერგეტიკის დარგი, მეტი ადგილობრივი გენერაცია. ლევან დავითაშვილმა ენერგეტიკის კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდის პროპორციით ქვეყანაში ენერგომოხმარება იზრდება და ამას გენერაციის ობიექტების დამატება და ზოგადად, ქვეყანაში გენერაციის ზრდა უნდა მოჰყვებოდეს.

„ასე რომ, ჩვენი პროგნოზებით, ჩვენ 20 მილიარდ კილოვატ საათამდე ენერგიის მოხმარება მოგვიწევს დაახლოებით 2030 წლისთვის, რაც ნიშნავს რომ მნიშვნელოვანი სიმძლავრეების დამატება მოგვიწევს გენერაციის კუთხით. საქართველოს საკუთარი რესურსების გათვალისწინებით, გააჩნია რესურსები სწორედ განახლებადი წყაროებიდან ენერგო მიმართულებით. ვფიქრობ, რომ ეს ადეკვატურია მსოფლიო ტენდენციების - მწვანე განახლებადი წყაროებიდან მივიღოთ ენერგორესურსები. ეს ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესშიც ეს ძალიან მნიშვნელოვანია“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მისივე თქმით, გენერაციის განვითარების პარალელურად ქსელიც უნდა გაძლიერდეს, რაც გულისხმობს არამხოლოდ ქვეყნის შიდა გადაცემის ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, მნიშვნელოვანია ასევე ტრანსსასაზღვრო გადაცემის ინფრასტრუქტურის განვითარებაც. მისი განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ევროპასთან პირდაპირ დაკავშირებადობა.

„შავი ზღვისქვეშა მაღალი სიმძლავრის კაბელის პროექტი - ეს არის რეალობა, გეგმა, რომლის განხორციელებასაც ჩვენ გეგმაზომიერად მივყვებით. 2030 წლისთვის საკმაოდ რეალურია, რომ ქვეყანას ჰქონდეს პირდაპირი დაკავშირებადობა უმსხვილეს ევროპულ ბაზართან და არამხოლოდ ახლო სამეზობლოსთან, ქვეყანამ შეძლოს მათ შორის ადგილობრივი ელექტროენერგიის ექსპორტი. თუმცა, ჩვენ გვესმის, რომ მთელი რიგი დარგები უფრო მეტ ელექტროენერგია მოიხმარენ მომავალში, ენერგოსტრუქტურაც იცვლება და თავად მოხმარების სტრუქტურაც. გვესმის, რომ ციფრული განვითარების ეპოქაში ვცხოვრობთ და ეს ნიშნავს, რომ მეტ ციფრულ მონაცემს მეტი ელექტროენერგიის მოხმარება სჭირდება“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ენერგეტიკის დარგის აქტუალური საკითხების განხილვისა და პროცესების ეფექტიანად მართვის მიზნით, ლევან დავითაშვილის ინიციატივით, რეგულარულად გაიმართება შეხვედრები სექტორთან. ამ ფორმატში გარკვეული პერიოდულობით შედგება დიალოგი და მსჯელობა როგორც მიმდინარე, ისე სტრატეგიულ საკითხებზე.