მიმდინარე წელს სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი, კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინიციატივას,  „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება კომუნალური მომსახურების რეგულირების შესახებ“, იწყებს. პროექტი დაფინანსებულია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ.  პროექტის მიზანია პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის კომუნალური მომსახურების რეგულირების საკითხებში.

როგორც ვიშეგრადის პროექტის ექსპერტი თემურ თორდინავა EnergyNews-თან საუბრისას აცხადებს, პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოსთვის კომუნალური მომსახურების რეგულირების საკითხებში ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარება, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში პროცესების კიდევ უფრო გაუმჯობესებას.

“უნდა აღინიშნოს, რომ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი 2 წლის გახდა.  ეს არის პირველი საერთაშორისო პროექტი ცენტრისთვის, სადაც ჩართულია ოთხი ქვეყანა, კერძოდ, საქართველო, სლოვაკეთი, ჩეხეთი და პოლონეთი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია,  როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე უშუალოდ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრისთვის, რადგან ცენტრი არის უშუალოდ წამყვანი ორგანიზაცია ამ პროექტის. სასწავლო ცენტრი ამ ინიციატივის ფარგლებში, მიმდინარე წლის აპრილის შუა რიცხვებში გეგმავს საინფორმაციო შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში,  როგორც წყალმომარაგების, გაზმომარაგებისა და ელექტროენერგეტიკის სფეროებში ოპერირებადი კომპანიების, ასევე  თვითმმართველობების წარმომადგენლებთან. საინფორმაციო შეხვედრაზე ჩვენს წარმომადგენლებს საუბარი ექნებათ უშუალოდ იმ ღონისძიებებზე, რომლებიც პროექტის ფარგლებში განხორციელდება.

პირველი ეტაპი იქნება კვლევის კომპონენტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს გავიგოთ ის საჭიროებები, გამოწვევები და ტენდენციები, რაც რეგიონებში არსებობს  წყლის, გაზისა და ელექტროენერგეტიკის რეგულირების მიმართულებით. მეორე ეტაპი უკვე იქნება მასტერკლასები, ტრენინგები და საჯარო ლექციები. მესამე ეტაპზე ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების განხილვა და გაზიარება საქართველოსთვის. ამ კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი შემუშავდება, რომელიც დაეხმარება ზემოთ აღნიშნულ სამიზნე აუდიტორიას ბევრად უკეთესი და ხარისხიანი მომსახურებით უზრუნველყოს მომხმარებელი“. - აცხადებს თემურ თორდინავა.

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის წარმომადგენელი ასევე აღნიშნავს, რომ პროექტი საბოლოო ჯამში შესაძლებლობას მოგვცემს რეგიონებში მომხმარებლებისთვის მომსახურების ხარისხი კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ.

„ჩვენ ორიენტირებული ვართ, რომ ამ პროექტის შემდეგ, მომხმარებელმა მიიღოს კიდევ უფრო მაღალი ხარისხის მომსახურება. ეს ყველაფერი კი უზრუნველყოფილი იქნება იმ ცოდნითა და გამოცდილებით,  რომელიც დაგროვებულია როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე ვიშეგრადის ქვეყნებში. მაგალითების გაზიარება, რომლებმაც კონკრეტული პრობლემები და გამოწვევები გადაჭრა, როგორც ჩეხეთში, პოლონეთში,  ისე სლოვაკეთში  საქართველოსთვის და მისი  რეგიონებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

უშუალოდ შედეგი რამდენიმე მიმართულებით უნდა დავყოთ. პირველ რიგში ამაღლდება კომპანიებს კვალიფიკაცია ზემოთ აღნიშნულ საკითხებში, ამასთან, პრაქტიკული მაგალითები დაეხმარება მათ მსგავსი ტიპის საკითხების უკეთ გადაჭრასა და მოგვარებაში ჩვენ მიერ შემუშავებული გზამკვლევის გამოყენებით“. აღნიშნავს თემურ თორდინავა.

პროექტის ფარგლებში პირველი ეტაპი ფაქტობრივად დაწყებულია. თემურ თორდინავას თქმით, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრმა კვლევის პროცესი დაიწყო და უკვე შეადგინა კითხვარი შესაბამისი აუდიტორიისთვის.

„აღნიშნული პროექტის ფარგლებში კვლევის პროექტი უკვე დაწყებული გვაქვს. ასევე შემუშავებულია სპეციალური კითხვარები, როგორც ფოკუს ჯგუფებისთვის, ისე რაოდენობრივი კვლევისთვის.  სამიზნე აუდიტორიისთვის ეს კითხვარები უახლოეს  მომავალში გახდება ხელმისაწვდომი და ისინი უკვე  კითხვარების და ფოკუს ჯგუფების საშუალებით შეძლებენ თავიანთი მოსაზრებების დაფიქსირებას. უკვე ივნისის ბოლოს გვექნება ამ კვლევის შედეგები, რომელსაც გავაცნობთ საზოგადოებას“. - აცხადებს თემურ თორდინავა.