სახელმწიფოს გეგმით, 2030 წლამდე 237 მგვტ დადგმული სიმძლავრის მოდინებაზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგურები, 430 მგვტ სიმძლავრის მარეგულირებელი ჰესები, 547 მგვტ მზის, 730 მგვტ ქარის და 500 მგვტ გაზზე მომუშავე თბოსადგურები უნდა აშენდეს და ექსპლუატაციაში შევიდეს. ამის შესახებ საუბარია „საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკისა“ და მისი დანართის „საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის“ პროექტში, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ პარლამენტში წარადგინა.

დოკუმენტი 2019 წლიდან მუშავდება და ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მას სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება (სგშ) ჩაუტარდა. მისი მიღება ქვეყნისთვის სავალდებულო გახდა ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ნინო ენუქიძის თქმით, ორგანიზაციის მიერ „საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის“ დამტკიცების საბოლოო ვადად წლევანდელი ივნისია განსაზღვრული. სხვა შემთხვევაში, ქვეყანას შესაძლოა, დარღვევა (infringement) დაუდგინდეს.

„საქართველოს სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკის მიზანია გაზარდოს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება მოკლე და გრძელვადიან პერიოდში ყველა მომხმარებლისთვის სამართლიან ფასად, სხვადასხვა სახის ენერგიის საიმედო და უწყვეტი მიწოდების გზით. რაც შეეხება სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკის დანართს, დოკუმენტში განხილულია მიმდინარე ენერგეტიკული სისტემის საკითხები და ენერგეტიკისა და კლიმატის პოლიტიკა. გეგმა მოიცავს, 2030 წლისთვის ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკის მისაღწევ მიზნებს, ასევე, ხედვას - თუ რას უნდა მიაღწიოს საქართველომ 2050 წლისთვის.

გეგმა მოიცავს ხუთ ძირითად მიმართულებას: დეკარბონიზაცია; ენერგოეფექტურობა; ენერგეტიკული უსაფრთხოება; შიდა ენერგეტიკული ბაზარი; კვლევა, ინოვაციები და კონკურენტუნარიანობა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა 2030 წლისთვის მისაღწევ მიზნებს. მათ შორის, სათბური გაზების ემისიების შემცირებას, განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ენერგიის ზრდას და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას“ - ამბობს ნინო ენუქიძე.

მისივე თქმით, გეგმაში მოცემულია სამიზნე მაჩვენებლები, რომელსაც ქვეყანამ უნდა მიაღწიოს. ენერგეტიკული გაერთიანებასთან დადებული შეთანხმებით კი, გეგმის საბოლოო მიზანია ენერგიის საბოლოო მოხმარებაში განახლებადი ენერგიის წილის გაზრდა 27,4%-მდე 2030 წლისთვის. 2022 წლისთვის ეს მაჩვენებელი 18,83%-ია, ხოლო უშუალოდ, ელექტროენერგიაში - 77%.

„გეგმაში მოცემულია ოთხი ძირითადი სცენარი, რომელიც განსაზღვრავს დარგის მიმართულებებს. პირველი საბაზო სცენარია, როდესაც ქვეყანა არაფერს აკეთებს და ჩვეულებრივ, ვითარდება. მეორე - მოწონებული და მთავრობის მიერ არჩეულია სცენარი გულისხმობს 237 მგვტ საერთო დადგმული სიმძლავრის მოდინებაზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგურების, 430 მგვტ მარეგულირებელი ჰესების, 547 მგვტ მზის, 730 მგვტ ქარის და 500 მგვტ გაზზე მომუშავე თბოსადგურების აშენებას და გაშვებას 2030 წლისთვის. ეს სცენარი წარმოადგენს სტრატეგიული დოკუმენტით რეკომენდებულ სცენარს“ - განმარტავს ნინო ენუქიძე.

მისივე ცნობით, მესამე სცენარი მხოლოდ ქარის ენერგიის განვითარებას გულისხმობს; მეოთხე კი, ნაცვლად მარეგულირებელი სადგურებისა, 430 მგვტ თბოსადგურების აშენებას.

„საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკისა“ და მისი დანართის „საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის“ პროექტი შემუშავებულია USAID-ის, UNDP-ის, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Danida) ფინანსური მხარდაჭერით.

დოკუმენტის მონიტორინგი და განახლება შესაძლებელია ყოველ ორ წელიწადში ერთხელ.