როგორც უკვე ცნობილია 2026 წელს საქართველოში მსოფლიო ენერგეტიკული ფორუმს სემეკი უმასპინძლებს. უნდა აღინიშნოს, რომ ენერგეტიკული რეგულირების მსოფლიო ფორუმი არის მთავარი საერთაშორისო კონფერენცია ენერგეტიკის რეგულირების საკითხების შესახებ. საერთაშორისო ენერგეტიკული ფორუმი იზიდავს და აერთიანებს ენერგეტიკის ინდუსტრიაში არსებული ძირითად მოთამაშეებს და ჩართულ პირებს. მათ შორის, მაღალი დონის გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს, აკადემიკოსებს, ასევე მარეგულირებელ ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოდან. ფორუმი ძირითადად ემსახურება ისეთი ტიპის დისკუსიებსა და ჩართულობას, რომელთა მიზანია ენერგეტიკის მარეგულირებელი სქემების განვითარება, დახვეწა და შემდგომ პრაქტიკაში დანერგვა. ფორუმი იმართება ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციის (ICER) ფარგლებში, რომელიც ენერგეტიკის მარეგულირებლებს შორის თანამშრომლობის ნებაყოფლობითი ჩარჩოა. მისი მიზანია, ინფორმაციისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლის გზით დაეხმაროს ენერგეტიკის სექტორში მომუშავე ორგანიზაციებს საჯარო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელების გაუმჯობესებაში.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს მსოფლიო ენერგეტიკული ფორუმი პერუში გაიმართა, სადაც ძირითად განსახილველ საკითხებს წარმოადგენდა: კონკურენტუნარიანობის ამაღლება, ინსტიტუციონალურობის გაუმჯობესება, ასევე ენერგიის ტრანზიტის მნიშვნელობა და მისი დახვეწა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მომდევნო ფორუმი საქართველოში გაიმართება, რომელსაც სემეკი უმასპინძლებს. ფორუმის ფარგლებში საქართველოს 1000-ზე მეტი მაღალი რანგის დელეგატი ეწვევა. კერძოდ, ენერგეტიკული გაერთიანების და ასოციაციების წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკული და დონორი ორგანიზაციების პირველი პირები. ცხადია, მსგავსი მაღალი რანგის შეხვედრა რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე მეტყველებს, უფრო კონკრეტულად, დასტურდება, რომ სემეკის მიმართ ნდობის ხარისხი საერთაშორისო ორგანიზაციების თვალში მაღალია. წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელია ასეთი მაღალი რანგის ფორუმისთვის მასპინძლის სტატუსის მინიჭება.

სემეკის მიმართ სანდოობის მაღალ ხარისხთან ერთად ამ ფორუმზე საქართველოს შესაძლებლობა ექნება გააცნოს სექტორის მაღალი რანგის წარმომადგენლებს თუ როგორ უმჯობესდება ქვეყანაში ენერგეტიკის სექტორი. შესაძლებლობა გვაქვს დავაინტერესოთ ისინი საქართველოს საინვესტიციო გარემოთი, რაც  საშუალებას მოგვცემს უფრო მეტი უცხოური ინვესტიცია მოვიზიდოთ ენერგეტიკის სექტორში.  ამასთან, გვაქვს შესაძლებლობა მათგან მოვისმინოთ რეკომენდაციები სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით. ცხადია, აღნიშნული რეკომენდაციები სემეკს საშუალებას მისცემს დანერგოს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ფორუმზე იმსჯელებენ მსოფლიო მასშტაბით ენერგეტიკის სექტორში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე, საინვესტიციო საკითხებსა და განახლებადი ენერგიების როლზე მდგრადი ენერგეტიკის განვითარებაში. ფორუმზე ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი და საინვესტიციო გარემო.