მიმდინარე წელს სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება კომუნალური მომსახურების რეგულირების შესახებ“ იწყებს. პროექტის მიზანია პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის კომუნალური მომსახურების რეგულირების საკითხებში. ვიშეგრადის ქვეყნების მარეგულირებელი ჩარჩოთა შესწავლისა და ანალიზის გზით, პროექტი განახორციელებს საუკეთესო პრაქტიკის იდენტიფიცირებას და ხელს უწყობს ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების განვითარებას.

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორის ნუგზარ ბერიძეს თქმით, პროექტი საშუალებას მოგვცემს კომუნალური მომსახურების რეგულირების ნაწილში გავიზიაროთ ისეთი ქვეყნების გამოცდილება, რომლებიც მსგავსად საქართველოსი პოსტ საბჭოთა ქვეყნებს მიეკუთვნებოდნენ და შეძლებს სოციალისტური წყობიდან საბაზრო ეკონომიკის რელსებზე გადასვლა.

„როგორც ცნობილია ვიშეგრადის ქვეყნების ჯგუფი მოიცავს ოთხ ქვეყანას, კერძოდ, ჩეხეთს, სლოვაკეთს, პოლონეთსა და უნგრეთს.  აღნიშნული ჯგუფი შეიქმნა იმისათვის, რათა ქვეყნებს შორის თანამშრომლობა და ევროინტეგრაცია აქტიურად განვითარებულიყო. აქედან გამომდინარე, მოცემული პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს კომუნალური მომსახურების სფეროში ევროპული გამოცდილების მიღება საქართველოსთვის. უნდა აღინიშნოს, რომ ვიშეგრადის ქვეყნები განსაკუთრებით ენერგეტიკის დარგში ძალიან კარგად თანამშრომლობენ.  აქედან გამომდინარე, ჩვენი თანამშრომლობა ვიშეგრადთან სწორედ ემსახურება იმას, რომ საქართველომ მიიღოს გამოცდილება კომუნალური მომსახურების სფეროში, მათ შორის ენერგო მომარაგების, ბუნებრივი აირისა და წყლის მომარაგებაში. გარდა ამისა, გამოცდილების გაზიარება მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებს როგორებიცაა მომსახურების სერვისებისა და მომხმარებელთა უფლების დაცვის მიმართულებების განვითარება.

მოცემული პროექტი ძირითადად მიმართული იქნება რეგიონებისკენ, განსაკუთრებით კი სამეგრელო-ზემო სვანეთისკენ. ამ რეგიონში მოხდება ერთის მხრივ კომუნალური მომსახურების სერვისების შესწავლა, ხოლო მეორეს მხრივ მოხდება მოსახლეობის გათვითცნობიერებაც. გარდა ამისა, პროექტის შედეგად მივიღებთ ერთგვარ სიგნალებს თუ რა არის გასაუმჯობესებელი კომუნალური მომსახურების რეგულირების მიმართულებით“. - აცხადებს ნუგზარ ბერიძე.

რატომ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი კონკრეტულად ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების მიღება?

„ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ არსებულ რეალობაში  ხდება არა მხოლოდ ბაზრისა და სტრუქტურების ტრანსფორმაცია, არამედ მოსახლეობაში მენტალიტეტის ცვლილების პროცესიც. ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილება, რადგან ამ ქვეყნებმა მოახდინეს მენტალური ცვლილებები და დაუახლოვდნენ ევროპულ სტანდარტებს. ჩვენც მსგავსად ამ ქვეყნებისა გვჭირდება მსგავსი ტიპის ცვლილებები, რადგან ჩვენი მიმართულება არის ევროკავშირის სტრუქტურებთან ინტეგრაცია. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ვიშეგრადის ფონდი არის საერთაშორისო ფონდი, რომელიც საზოგადოებრივი აქტივობის დონეზე ეხმარება ორგანიზაციებსა და ქვეყნებს.  თვითონ ბაზრისა და მომხმარებელთა ქცევის გარდაქმნა არის უმნიშვნელოვანესი მომენტი, რაშიც მათი გამოცდილება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“. - აღნიშნავს ნუგზარ ბერიძე.

საბოლოო ჯამში რა სიკეთეს მოუტანს ქვეყანას ეს პროექტი?

„პირველ რიგში, ურთიერთობა გვექნება  ჩვენს ფოკუს ჯგუფებთან და მოსახლეობასთან, სადაც ახალი მიდგომებისა და ცოდნის შეტანა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთვის ასევე საინტერესოა კიდევ უფრო ახლოს გავიცნოთ ვიშეგრადის ქვეყნების მარეგულირებელი პრაქტიკა, თუ როგორ მუშაობენ სტრუქტურები, კომპანიები და მარეგულირებლები. არსებობს ერთგვარი სამკუთხედი, რომელიც მოიცავს კომპანიებს, მარეგულირებელსა და მომხმარებელს. სწორედ ამ ურთიერთობების გამართულად ფუნქციონირების თვალსაზრისით ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილება ძალიან გამოგვადგება“. - აცხადებს ნუგზარ ბერიძე.

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორი ასევე აღნიშნავს, რომ მოცემული პროექტი მიმდინარე წლის მარტში დაიწყება და 2025 წლის პერიოდამდე გაგრძელდება.