საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, სემეკს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებთან ერთად, მელიორაცია/ირიგაციის რეგულირება დაევალა. შესაბამისად, მარეგულირებელი კომისია უზრუნველყოფს როგორც სექტორის მონაწილეთა შორის ურთიერთობების მოწესრიგებას, ასევე განსაზღვრავს სატარიფო პოლიტიკასაც. არსებული ცვლილებების ფონზე ირიგაციის მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია ჰქონდეთ ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა მოიმოქმედონ, როდესაც საირიგაციო მიზნებისთვის მათ წყალი არ მიეწოდებათ.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ მომხმარებლის წყალმომარაგება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ დამტკიცებული წყლის მიწოდების რეჟიმის და მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის შესაბამისად. საირიგაციო წყლის მიუწოდებლობის შემთხვევაში უნდა მოითხოვოთ რეაგირება კომპანიისგან. ამასთან, რეაგირების მიუხედავად, თუ წყალი კვლავ არ მოგეწოდებათ უნდა მოითხოვოთ დეფიციტის გამოცხადება. დეფიციტის გამოცხადების შემთხვევაში, არსებული წყლის რესურსი მთლიანად უნდა წარიმართოს პროფილური მომხმარებლის მომარაგების მიზნით. თუკი აღნიშნულის შედეგადაც არ ხდება წყლის მიწოდება, მაშინ მომხმარებელმა უნდა მიმართოს სემეკს რეაგირებისთვის. ამასთან, საირიგაციო წყლის მიწოდების წესების შესაძლო დარღვევის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ სემეკს იუსტიციის სახლის ნებისმიერი ფილიალის საშუალებით.

ამასთან, მიმწოდებლის ბრალეულობით, შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგით გათვალისწინებულ წყალმომარაგების პერიოდში წყლის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მომხმარებელს დაერიცხება კომპენსაცია.

მეორეს მხრივ, მომხმარებლის მიერ, შეთანხმებული განრიგით გათვალისწინებულ წყლის გარანტირებული მოცულობის მიღებაზე უარის თქმა ან წყლის მოცულობის შემცირება შესაძლებელია მიმწოდებლის წინასწარ ერთი თვით ადრე გაფრთხილების შემდეგ. ვადის დარღვევის შემთხვევაში, მომხმარებელს დაერიცხება წყლის გარანტირებული მოცულობის აუთვისებლობის საფასური.

აქვე შეგახსენებთ, რომ ირიგაცია — მიწების ხელოვნური რწყვის ღონისძიებათა სისტემა. მორწყვა ხელს უწყობს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, კერძოდ ლანდშაფტების შენარჩუნებასა და გამოშრობილი ნიადაგის ვარგისიანად გადაქცევას. მორწყვას ასევე აქვს სხვა გამოყენებები მნიშვნელობა მოსავლის მიღებაში, მათ შორის ყინვებისგან დაცვაც.