ყველასთვის ცნობილია, რომ სემეკი საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვან სტრატეგიულ სექტორს უწევს რეგულირებასა და კონტროლს, მათ შორისაა, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და ახლა უკვე მელიორაციის სექტორი. თუმცა, გარდა რეგულირების მრავალმხრივი ასპექტებისა, რომელიც სექტორების გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს, სემეკი წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობს მომსახურების ხარისხის დახვეწასა და გაუმჯობესებაზე, რაც, რასაკვირველია მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი ინტერესია.

როგორც სემეკში აცხადებენ, კომერციული ხარისხის და საიმედოობის კონტროლში გარდამტეხი ეტაპი აღმოჩნდა, როდესაც განახლდა ელექტროენერგეტიკის სექტორში მოქმედი სტანდარტი და ეს განახლებული სტანდარტი გავრცელდა სამივე რეგულირებად სექტორში(ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორები). შესაბამისად, სამივე რეგულირებად სექტორში დაინერგა ელექტრონული ჟურნალი. ამასთან, დაფუძნდა მომსახურების კომერციული ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი. მარეგულირებელი კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა მომსახურე საწარმოებსა და მომხმარებელს შორის კომუნიკაციის გამარტივება, რის საშუალებასაც იძლევა დისტანციური მომსახურების სხვადასხვა სისტემა. ეს სისტემები კომისიას ასევე აძლევს შესაძლებლობას მოახდინოს მომსახურების ხარისხის ავტომატური შეფასება და ანალიზი.

რაც შეეხება სემეკის მხრიდან მომსახურების ხარისხისთვის განხორციელებულ კონკრეტულ პროექტებს:

ერთი შეხების პრინციპით მომსახურება - აღნიშნული პროექტის ფარგლებში სამივე სექტორში ერთიანი მომსახურების პირობის განსაზღვრის შემდეგ მომსახურების გამარტივების მიზნით კომისიამ სამივე სექტორში მოქმედი საწარმოებისათვის შეიმუშავა განაცხადის 102 ტიპური ფორმა. აღნიშნული ტიპური ფორმები მოიცავს მომსახურების გაწევისათვის საჭირო ყველა ინფორმაციას, კომპლექსური ხასიათისაა, შესაძლებელს ხდის სხვადასხვა დამატებითი მომსახურების მიღებას ერთი შეხების პრინციპის დაცვით და მომხმარებელს აზღვევს მოთხოვნის დაყენებისას შეცდომის დაშვებისგან. ერთი შეხების პრინციპით მომსახურების მკაფიო მაგალითს წარმოადგენს ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების პროცესი, რომელიც საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევების დაკვირვების ქვეშაა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ საპატიო ადგილი დაიკავა მსოფლიოს 5 ქვეყანას შორის ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების პროცესში ყველაზე ცოტა კონტაქტის მაჩვენებლის მიხედვით.

იუსტიციის სახლის სერვისების საწარმოებთან დაკავშირება - სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც მოქალაქეებისთვის უფრო ხელმისაწვდომს ხდის კომუნალურ სერვისებს, განაცხადების ჩაბარება ერთ სივრცეშია შესაძლებელი. კერძოდ, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლებს შეუძლიათ იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში ჩააბარონ განაცხადი კომუნალური კომპანიის სახელზე - დარეგისტრირდნენ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების აბონენტებად, კომპანიებთან გააფორმონ მომსახურების მიწოდების ხელშეკრულება, გადაამოწმონ კომუნალური დავალიანება, დააფიქსირონ მომარაგების პრობლემა, მოითხოვონ მომარაგების შეწყვეტა და აღდგენა, მრიცხველის შემოწმება, გადაამოწმონ დარიცხვა.

კომუნალური მომსახურებების მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლის სხვა სერვისებთან ერთად. მომსახურებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერი კომუნალური კომპანიის აბონენტს.

უნდა აღინიშნოს, რომ სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, კომუნალურ მომსახურებაზე ცნობადობის გაზრდის მიზნით, საინფორმაციო ხასიათის ბანერები იუსტიციის სახლის  ყველა ფილიალში განთავსდა.

ტექსტური შეტყობინებით ინფორმირება და ელექტრონული ქვითარი - აღნიშნული პროექტი მომხმარებელსა და მომსახურე საწარმოს შორის ურთიერთობის გამარტივებაში დიდ როლს თამაშობს მომხმარებლის მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით ინფორმირება და ელექტრონული ქვითარი. ერთიანი მომსახურების სტანდარტმა და ამ სტანდარტებზე დისტანციური მომსახურებების დანერგვამ მოგვცა ბეჭდური ქვითრის ელექტრონულად ჩანაცვლების შესაძლებლობა, კერძოდ, სამივე სექტორში განისაზღვრა ელექტრონული ქვითრის ტექსტური შეტყობინებით მიწოდების წესი.

USSD კოდი *303# - კომისიის ინიციატივით, კომუნიკაციის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, მობილური ოპერატორებისა და კომისიის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ჩართულობით, სამივე სექტორის საბოლოო მომხმარებლებისათვის შეიქმნა ერთიანი USSD კოდი *303#. კოდის მეშვეობით კომუნალური მომსახურების მიმღები პირებისთვის შესაძლებელი გახდა სახლიდან გაუსვლელად ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის სექტორებში სასურველ აბონენტზე ბალანსის შემოწმება, ქვითრის ხელახლა გამოთხოვა, მომარაგების წყვეტისა და აღდგენის დროების გაგება, დარიცხული თანხის გადამოწმება, მომარაგების ტექნიკური ხარისხის ადგილზე შემოწმების მოთხოვნა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ USSD კოდი ინტერაქტიულია, რაც მომხმარებელს აძლევს საშუალებას, ინფორმაციის მიღების გარდა, დააფიქსიროს წყვეტა კომპანიის მიერ ოპერატიულად რეაგირებისათვის, მოითხოვოს ელექტრონული ქვითარი, დაამატოს აბონენტზე ახალი მობილურის ნომერი და წაშალოს არასასურველი, გაიგოს კომპანიის სერვისცენტრის მისამართი და ქოლცენტრის ნომერი, ასევე მოითხოვოს ბოლოს გაგზავნილი SMS შეტყობინების განმეორებით გაგზავნა.

ნებართვების ერთიანი ელექტრონული სივრცე - კომუნალური ქსელი მუდმივი ზედამხედველობის ქვეშაა და მისი განახლება ან/და გაფართოება წარმოადგენს უწყვეტ პროცესს. ამ პროცესის გამარტივების მიზნით შეიქმნა ნებართვების ერთიანი ელექტრონული სივრცე, რომლის მიზანია, რეგულირებას დაქვემდებარებულმა საწარმოებმა დროულად მიიღონ თანხმობა იმ პირებისგან, რომელთა საკუთრებასაც კვეთს ხაზობრივი ნაგებობა ელექტრონული ფორმით და ასევე ელექტრონულად მიმართონ მუნიციპალიტეტს შესაბამისი ნებართვის მისაღებად. ნებართვების ერთიანი ელექტრონული სივრცე მნიშვნელოვნად აადვილებს ქსელის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების, მათ შორის, ახალი მიერთებების, ამ სამუშაოებისთვის საჭირო თანხმობებისა და ნებართვების დროულად მიღების პროცესებს.

იდუმალი მომხმარებლის კვლევა - უნდა აღინიშნოს, რომ კომისია მონიტორინგს უწევს რეგულირებას დაქვემდებარებულ კომპანიებში შესული განაცხადების მსვლელობას და მათ დროულ შესრულებას, თუმცა აღნიშნული მექანიზმით შეუძლებელი იყო ზეპირი, არადოკუმენტირებული მოქმედებების მონიტორინგი. შესაბამისად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, აღნიშნულ პროცესს დაკვირვებოდა მომხმარებლის მხრიდან. ამ მიზნით შეიქმნა და განხორციელდა ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებისთვის უპრეცედენტო პროექტი „იდუმალი მომხმარებლის კვლევა“. თითოეულ კომპანიას ეცნობა გამოვლენილი დარღვევები, განესაზღვრა ვადები მათ აღმოსაფხვრელად და განემარტა ამ დარღვევების გამოსწორების მექანიზმები.