საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია და სემეკის წევრები ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) ხელმძღვანელს, არტურ ლორკოვსკის შეხვდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში ენერგეტიკული რეფორმის მიმდინარეობა, ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად მარეგულირებელი კომისიის მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების აღსრულების ეფექტიანობა. ამასთანავე, იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე.
“სემეკში ჩვენ შევხვდით ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ხელმძღვანელს და მის წარმომადგენლებს. საკმაოდ დეტალური და ღრმა შინაარსიანი შეხვედრა იყო, სადაც ვისაუბრეთ ელექტროენერგეტიკის სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე, ბაზრის გახსნის მდგომარეობაზე და იმ დარჩენილ საკითხზე, რომელიც გულისხმობს გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევებას. ენერგეტიკული გაერთიანების ხელმძღვანელს უკვე ჰქონდა ამ თემაზე ინფორმაცია, რომ შესაბამისი საკანონმდებლო პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და უახლოეს პერიოდში მიიღება კიდეც, რომლის შემდეგაც სემეკის დაასრულებს სერტიფიცირების პროცესს. შესაბამისად ამ ნაწილში არსებითი კითხვები პრაქტიკულად არ დასმულა.
გარდა ამისა, იყო კითხვა ენერგეტიკულ ბირჟასთან დაკავშირებით, სადაც მივაწოდეთ ინფორმაცია ვაჭრობებთან დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან, რომ სემეკი ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს ბირჟაზე ვაჭრობის მონიტორინგს“. - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
ენერგეტიკის სექტორის მსგავსად, საუბარი გაზის სექტორსაც შეეხო. სემეკის თავმჯდომარე აცხადებს, რომ აღნიშნულ სექტორში სემეკის ცვლილებებს აქტიურად ახორციელებს.
„გაზის სექტორში ჩვენ ასევე მივაწოდეთ არსებული პროგრესის შესახებ ინფორმაცია. ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებას სურს, რომ დავაჩქაროთ ეს პროცესი, უფრო ჩქარი ტემპით ვიაროთ გაზის სექტორის რეფორმის კუთხითაც, თუმცა აქაც ჩვენ პროგრესი ნამდვილად გვაქვს. უფრო კონკრეტულად, მარეგულირებელი აქტების პროექტები უკვე მომზადებულია, მეორეს მხრივ, აქაც გამხოლოების პროცესი, რომელიც სამ კომპანიას ეხება წარმოდგენილი აქვთ მათ დოკუმენტაცია სემეკში. არაერთი შეხვედრა გაიმართა ამასთან დაკავშირებით და მიმდინარე წლის ბოლომდე ჩვენ ეს პროცესი უნდა დავასრულოთ“. - აცხადებს დავით ნარმანია.
ამასთან, სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, სემეკის მიერ შესრულებულია კანონმდებლობითა და ევროპული დირექტივებით ნაკისრი ვალდებულებები, ბაზრის ლიბერალიზაციის ხელშეწყობის მიზნით კომისიას უკვე 50-მდე ნორმატიული აქტი აქვს მიღებული.