სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თორნიკე აფრიაშვილი ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) ენერგეტიკული ტრანსფორმაციის კომიტეტის ვიცე თავმჯდომარედ აირჩიეს.

ERRA-ს ენერგეტიკული ტრანსფორმაციის კომიტეტის საქმიანობის სფერო მოიცავს შემდეგ საკითხებს: განახლებადი ენერგიის წყაროების ხელშეწყობის მექანიზმები, სატარიფო და არასატარიფო მხარდაჭერის სქემები, ენერგოეფექტიანობა, მარეგულირებელი ორგანოების როლი ახალი ტექნოლოგიების განვითარებაში, ელექტროენერგეტიკის დეცენტრალიზებული სისტემები, ენერგეტიკული სექტორის ტრანსფორმაცია, წყალბადის სექტორის რეგულირება.

თორნიკე აფრიაშვილი 2010 წლიდან ენერგეტიკის სექტორში საქმიანობს სხვადასხვა პოზიციებზე, არის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.

თორნიკემ დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტი (2012-2019 წწ). მიღებული აქვს დოქტორის ხარისხი. დღემდე თანამშრომლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, მიწვეული ლექტორის სტატუსით. როგორც ტრენერი აქტიურადაა ჩართული ელიზბარ ერისთავის სახელობისა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრისა და UNICEF-ის ერთობლივ ტრენინგებში, ენერგეტიკის საკითხებში ბავშვთა ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.