თბილისში, 20-22 ნოემბერს, III საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა“ გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი მარეგულირებელი ორგანოები:

▪️ GCCA • საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო 
▪️ საქართველოს ეროვნული ბანკი • National Bank of Georgia 
▪️ სემეკი -  ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია 
▪️ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
▪️ კომუნიკაციების კომისია 

სამ დღიანი ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა ქვეყნის 20-მდე დელეგაცია ესტუმრება. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის და მომხმარებელთა  დაცვის უწყებების ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო ორგანიზაციების - გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის(UNCTAD), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის(OECD), ევროკომისიის კონკურენციის გენერალური დირექტორატის(DG-COMP), ევროკომისიის იუსტიციისა და მომხმარებელთა გენერალური დირექტორატის(DG-JUSTICE), კონკურენციის კვლევის პოლიტიკის ქსელის(CEPR) და გერმანიის მომხმარებელთა ორგანიზაციების ფედერაციის მაღალი რანგის წარმომადგენლები.  ასევე, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, საჯარო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, აკადემიური წრის და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

 ხუთი მარეგულირებელი უწყების ხელმძღვანელი პირების მონაწილეობით,  სპეციალური პანელი ჩატარდება, სადაც სექტორულ ჭრილში, საქართველოში - კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღებული შედეგები, მიღწევები და გამოწვევები იქნება წარმოდგენილი.

III საერთაშორისო კონფერენციაზე, მთავარი მომხსენებლის რანგში, მონაწილეების წინაშე წარდგებიან - ანდრეას მუნდტი, გერმანიის კონკურენციის უწყების პრეზიდენტი, საერთაშორისო კონკურენციის ქსელის მმართველი ჯგუფის თავმჯდომარე; ტერესა მორეირა, UNCTAD-ის კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი; კრისტინა კაფარა, კონკურენციის კვლევის პოლიტიკის ქსელის დირექტორის მოადგილე და იზაბელ პერინიონი, ევროკომისიის იუსტიციისა და მომხმარებელთა გენერალური დირექტორატის მომხმარებელთა დირექტორი და სხვები. 

 ვრცლად: https://gcca.gov.ge/index.php?m=370&news_id=1594