შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი არის ურთიერთსასარგებლო, ურთიერთხელსაყრელი პროექტი - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს.

შესაბამისად, მისივე თქმით, ამ პროექტის განხორციელების პროცესში მხარეები მჭიდრო მოკავშირეები და პარტნიორები არიან.

„ეს არის დამატებითი ენერგოუსაფრთხოება ევროპისთვის და რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შესაძლებლობები საქართველოსთვის, ქართული ენერგოსისტემისთვის. როგორც კომისარმა აღნიშნა, ეს არის ძალიან დიდი სტიმული ინვესტორებისთვის, რომ საქართველოს განახლებად ენერგიებში მოხდეს ინვესტირება, რადგან საქართველოს ეძლევა საშუალება, პირდაპირ დაუკავშირდეს მაღალი მსყიდველობითი უნარის, უფრო პროგნოზირებად, სამართლიან ევროპულ ენერგეტიკულ ბაზარს“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარ კადრი სიმსონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, რეფორმების განხორციელების პროცესში საქართველო მუდმივად იღებს ტექნიკურ მხარდაჭერას ევროპელი მეგობრების მხრიდან.

„რაც შეეხება უკვე მიღწეულ შედეგებს, ჩვენ ბევრი მიმართულებით დავაახლოეთ კანონმდებლობა ევროპულ კანონმდებლობასთან, მათ შორის, ენერგოეფექტურობასთან. შემოვიღეთ ენერგოეფექტურობის ეტიკეტირების ახალი სისტემა, რომელიც ნელ-ნელა ინერგება. ძალიან ბევრი მიმართულებით ქართული კანონმდებლობა უკვე თანხვედრაშია ევროპულ მოთხოვნებთან და სტანდარტებთან. თუმცა, ჩვენ ვმუშაობთ ბაზრის ლიბერალიზაციის მიმართულებით, სადაც ასევე მჭიდრო დიალოგის ფარგლებში გვექნება პროგრესი. ასევე, ვმუშაობთ ინსტიტუციური მოწყობის და გაუმჯობესების კუთხით, სადაც გადაცემისა და გენერაციის ფუნქციები იქნება მკაფიოდ გამიჯნული. ესეც უფრო პროგნოზირებადს გახდის და უფრო სამართლიან თამაშის წესებს გააჩენს ენერგოსისტემაში“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.