როგორც უკვე ცნობილია ენერგეტიკული ბირჟის გახსნის თარიღი არ შეიცვლება და ბირჟა 1 ივლისს ნაწილობრივ გაიხსნება. ბირჟის ეტაპობრივი გახსნის პირობებში ბაზარზე ვაჭრობს მსხვილი მომხმარებელი, პირველ ეტაპზე ვაჭრობა შესაძლოა, იყოს ნებაყოფლობითი მათთვის, გარკვეული პერიოდის შემდეგ უნდა გაიხსნას სავალდებულოდ დღიური ბაზარი, რომ კომპანიებმა ენერგია წინა დღეს იყიდონ მომდევნო დღისთვის, ხოლო შემდეგი ეტაპი იქნება საათობრივი ბაზარი, როცა ისინი დღის განმავლობაში იყიდიან დამატებით ენერგიას.

როგორც ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის დამფუძნებელი ნოდარ სირბილაძე აცხადებს, ენერგეტიკული ბირჟის ეტაპობრივი გახსნა სწორი ნაბიჯია, რომელიც ელექტროენერგიის ბაზარზე მკვეთრი რყევების პრევენციას შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, ბირჟის ეტაპობრივი გახსნა საქართველოს საშუალებას მისცემს არსებული უცხოური გამოცდილება უფრო სწორად და ეფექტურად დანერგოს.

„რასაკვირველია, ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული სექტორისთვის მნიშვნელოვანი და გარდამტეხი მომენტია, რომელიც ხელს შეუწყობს ენერგეტიკის სექტორში ერთის მხრივ უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, ხოლო მეორეს მხრივ ფასების თავისუფალი ბაზრის პრინციპით რეგულირებას. გონივრული ნაბიჯია, რომ ბირჟის გახსნა ეტაპობრივად მოხდება, რადგან ეს პროცესი ხელს შეუწყობს ბაზარზე ფასების მკვეთრი მერყეობის შემცირებას. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვსაუბრობთ ისეთი ტიპის სტრატეგიულ პროდუქტზე, როგორიც ელექტროენერგიაა. აღნიშნულ პროდუქტზე ფასების მკვეთრი მერყეობა დამაზარალებელია როგორც მოსახლეობისთვის, ისე მთელი ქვეყნისთვის. იმ ფონზე, როცა საგარეო რისკების ისევ არსებობს, აუცილებელია რომ ჩვენი სტრატეგია იყოს ფრთხილი საბოლოო მიზნის მიღწევის გზაზე. აქედან გამომდინარე, ეტაპობრივი გახსნა ამ რისკებს მინიმუმამდე დაიყვანს.

საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ ენერგეტიკული ბირჟის ასეთი სახით გახსნა ყველაზე სწორი გამოსავალია, რომლის პირობებში მოვახდენთ როგორც რისკების პრევენციას, ისე ხელს შევუწყობთ სექტორში ინვესტიციები მოზიდვას, რომელიც ქვეყანას ძალიან სჭირდება“. - აცხადებს ნოდარ სირბილაძე.

კითხვაზე სწორი იყო თუ არა ბირჟის ამოქმედების  რამდენჯერმე გადადება ნოდარ სირბილაძე აცხადებს, რომ ამ ყველაფერს თავისი ობიექტური ახსნა აქვს, რაც გულისხმობს არასტაბილურ გეოპოლიტიკურ ვითარებას, ასევე ქვეყანაში არსებული რესურსების მთლიან აუთვისებლობას.

„იმ ფაქტს, რომ ბირჟის ამოქმედება 6-ჯერ გადავადდა აქვს თავისი ობიექტური ახსნა. მაგალითად, გადავადების უკანასკნელი მიზეზი, რომელიც გეოპოლიტიკურ არასტაბილურობას გულისხმობდა, მნიშვნელოვან საფრთხეებს უჩენდა ქვეყანაში ელექტროენერგიის ფასს. თავის მხრივ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ელექტროენერგია სტრატეგიული პროდუქტია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ფასის სტაბილურობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამ ყველაფრის მიზეზი კი ისაა, რომ ენერგიაზე ფასების ცვლილება უკვე ჯაჭვური რეაქციის სახით სხვადასხვა პროდუქტის ფასზეც პოვებს გავლენას, რაც, თავის მხრივ, დამაზიანებელია მოსახლეობისთვის.

აქედან გამომდინარე, ის საფრთხეები, რაც ბირჟის ამოქმედებასთან დაკავშირებით არსებობდა სავსებით მისაღებია. სამწუხაროდ, გეოპოლიტიკური არასტაბილურობა ჩვენს გარშემო კვლავ არსებობს, მეორეს მხრივ გვყავს მეზობელი რუსეთი, რომლისთვისაც ეკონომიკური სპეკულაციები სხვა ქვეყნების წინააღმდეგ არახალია, ამასთან, ჩვენ არ გაგვაჩნია ფიზიკური კავშირი ენერგოგაერთიანებასთან. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ ჯერ კიდევ არ გვაქვს სრულად ათვისებული ენერგიის ის პოტენციალი, რაც ქვეყანას გააჩნია. სწორედ ამის ფონზე არის პერიოდი, როცა ჩვენთან ენერგია დეფიციტურია, მაგალითად ზამთრის პერიოდი“. - აცხადებს ნოდარ სირბილაძე.