ბირჟა თუ ბოლომდე დერეგულირებული, ბოლომდე გამჭვირვალე არ იქნება, ჯობს საერთოდ არ გავხსნათ - ამის შესახებ „ენერგონიუსთან“ „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ (GREDA) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილი საუბრობს.

თუმცა, მისივე თქმით, ბოლომდე გამჭვირვალე და დერეგულირებული ბირჟა, ჩვენს რეგიონში თავის მხრივ, გარკვეულ საფრთხეებსაც გულისხმობს.

„სახელმწიფოს მხრიდან ამ საფრთხეების დანახვაც გასაგებია. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ ერთადერთი მთავარი ე.წ. სტეიკჰოლდერი, რომელმაც ამ ბირჟის გახსნით უნდა ისარგებლოს, მომავალი პოტენციური ინვესტორია. თუ ინვესტორებს სწორი სიგნალი არ მივაწოდეთ - რომ ბირჟა ნახევრად მართული კი არა, სრულად დერეგულირებული და გამჭვირვალეა, მაშინ გახსნას აზრი არ აქვს. ოპერირებაში მყოფი ჰესებისთვის, სადგურების და მომხმარებლებისთვის ეს ზედმეტი თავის ტკივილია, ზედმეტი ხარჯები და ადმინისტრაციული რესურსია“ - აცხადებს გიორგი აბრამიშვილი.

მისივე თქმით, გამოიკვეთა რისკები, რომ ბირჟა ბოლომდე დერეგულირებული და გამჭვირვალე არ იქნებოდა.

„ეს რისკები ჩანდა, რადგან მთავრობისთვის ეს იყო საკმაოდ საფრთხილო. ხედავდა რისკს, რომ ფასი შესაძლოა, მაღლა წასულიყო და ა.შ. შესაბამისად, ცდილობდა რომ ვითარება კონტროლის ქვეშ ყოფილიყო. ერთი მხრივ, მესმის და გასაგებია ეს მიდგომა რეგიონში შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში - გვერდით ომი მიმდინარეობს, ჩრდილოეთით, მეზობლად რუსეთი გვყავს და რეალურად, ფიზიკური საზღვარი არ გვაქვს ევროპის ენერგოგაერთიანებასთან. მაგრამ, მეორე მხრივ, ნახევრად გახსნას, საერთოდ არგახსნა ჯობდა“ - განმარტავს გიორგი აბრამიშვილი.