სამი წელია სიმულაციური ვაჭრობა მიმდინარეობს და ყველა მომხმარებელი მომზადებულია ბირჟის ეტაპობრივად გასახსნელად - ამის შესახებ საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) გენერალური დირექტორი კახაბერ ქებურია აცხადებს.

მისი თქმით, 6-ჯერ გადავადებული ბირჟა 1 ივლისს არასავალდებულო რეჟიმში გაიხსნება - სხვადასხვა უწყებების ჩართულობით შემუშავებულია მოდელი, რომელიც გარდამავალ მოდელს გულისხმობს და რომელიც, ამ ფორმატში მხოლოდ 1 წელი იმუშავებს.

„დღეს არსებული მოდელით, ესკო-სთან მუშაობა იქნება ისევ უცვლელი, ანუ, არანაირი ვალდებულება არ შემოდის, უბრალოდ მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ რომ პლატფორმაზე უფრო იაფად შეისყიდონ ელექტროენერგია, ვიდრე ეს დღეს არის ბაზარზე. ასევე, ვინაიდან დღეს ძალიან დიდი ინვესტიციებია ენერგეტიკაში და მიმდინარეობს ძალიან დიდი პროექტები, ინვესტორებს შესაძლებლობა ექნებათ უფრო კარგ ფასად გაყიდონ ელექტროენერგია.

პირველ ეტაპზე, ბირჟაზე მონაწილეობას მიიღებს ყველა გარდა ექსპორტიორების, იმპორტიორებისა და ტრეიდერებისა. ხოლო ერთი წლის შემდეგ, ყველას გაუჩნდება მონაწილეობის ვალდებულება. ბირჟა საფეხურებრივად იხსნება და მოწინავე ქვეყნების გამოცდილებაც ასეთია“ - განმარტავს კახაბერ ქებურია.

მისივე თქმით, გარდამავალი მოდელი მოიწონა Europex-მაც - ევროპის ენერგეტიკული ბირჟების გაერთიანებამ, ასევე, „ევროპის ენერგეტიკულმა გაერთიანებაც“, რადგან რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი.

„სამი წელია სიმულაციური ვაჭრობა მიმდინარეობს და ყველა მომხმარებელი მომზადებულია. კიდევ ერთ წელიწადში, შესაძლებლობა ექნებათ ელექტროენერგია რეალურად იყიდონ და გაყიდონ. ჩვენც დავაკვირდებით ყველა მომხმარებელს, როგორ წარიმართება ვაჭრობა და უკვე ერთ წელიწადში შესაძლებელი იქნება სამიზნე მოდელის გახსნა. მანამდე კი, ბირჟაზე საშუალება იქნება მონაწილეებმა ელექტროენერგია შეისყიდონ უფრო დაბალ ფასად ვიდრე დღეს ეს აქვთ მწარმოებლებს“ - ამბობს კახაბერ ქებურია.