ენერგეტიკა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს საფუძველს წარმოადგენს. ეს ის პროდუქტია, რომელსაც ადამიანები ყოველდღიურად, უწყვეტად ვიყენებთ და  შესაბამისად მისი ფასის ცვლილებაც ჩვენს ყოფაზე მკვეთრად აისახება.

უნდა აღინიშნოს, რომ  ელექტროენერგიის პოტენციალის ათვისებასა და ენერგეტიკის განვითარებას, მოსახლეობაზე როგორც პირდაპირ, ისე ირიბად დადებითი ეფექტი მოაქვს. ქვეყანაში ელექტროენერგიის წარმოების ზრდას, ენერგოუსაფრთხოების ზრდა მოჰყვება და, პარალელურად, ელექტროენერგიაზე სტაბილურ ფასს ვინარჩუნებთ. ელექტროენერგიაზე სტაბილური ფასის შენარჩუნება ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამის მიზეზი კი ბუნებრივია ისაა, რომ  ნებისმიერი პროდუქტისა თუ საქონლის წარმოებისთვის ელ. ენერგიაა საჭირო. მისი სტაბილური ფასი სხვადასხვა პროდუქტის სტაბილური ფასის შენარჩუნების საშუალებას იძლევა. ეს ყველაფერი კი, საბოლოო ჯამში მოსახლეობის ჯიბეში არსებული ფულის მსყიდველობითი უნარის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. განსხვავებული სურათია მაშინ, როცა ქვეყანა იმპორტირებულ ენერგიაზეა დამოკიდებული. ამ დროს გარე შოკებმა შესაძლოა ენერგიის ფასი გაზარდოს, რაც პროდუქციისა თუ მომსახურების გაძვირებაში აისახება. რაც შეეხება ელექტროენერგიის წარმოების ირიბ სარგებელს, როცა ქვეყანაში ენერგიის გენერაცია იზრდება და შიდა მოთხოვნაც ელ.ენერგიაზე დაკმაყოფილებულია, ქვეყანას ეძლევა საშუალება ჭარბი ელ.ენერგია ექსპორტის სახით მეზობელ ქვეყნებში გაიტანოს და ქვეყნისთვის „ზედმეტი“ პროდუქციის გაყიდვით ძალიან დიდი ფინანსური სარგებელი მიიღოს. ელ.ენერგიის ექსპორტს აქვს პოტენციალი საქართველოს ეკონომიკის ზრდასა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე დადებითად იმოქმედოს.

არსებულ რეალობაში ის პოლიტიკა, რომელიც ქვეყანას ენერგო სექტორის განვითარების კუთხით აქვს სავსებით შეესაბამება იმ გამოწვევებს, რაც სახელმწიფოს წლების განმავლობაში დაუგროვდა. უფრო კონკრეტულად, საუბარია განახლებადი ენერგიის პოტენციალის სრულად ათვისებაზე, რომელიც მოიცავს როგორც მზისა და ქარის გენერაციის გაზრდას, ისე ჰესების მშენებლობის აუცილებლობის საკითხის. აქ უნდა აღინიშნოს სემეკის მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომელიც როგორც დრომ აჩვენა წარმატებული აღმოჩნდა. მაგალითად, მარეგულირებელმა დანერგა ნეტო აღრიცხვის სისტემა, რომლის განვითარებისთვის სემეკმა 2023 წელს ახალი რეგულაციები აამოქმედა, რაც ელექტროენერგიის სისტემის ოპერატორის ქსელში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მიერთების უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა. კერძოდ, 4%-დან 8%-მდე გაიზარდა სისტემის ოპერატორის გამანაწილებელ ქსელში პიკური დატვირთვის შეზღუდვის ზედა ზღვარი. აღნიშნული ცხადია ხელს უწყობს ამ სისტემაში კიდევ უფრო მეტი დადგმული სიმძლავრის შემოტანასა და ენერგიის გენერაციის ზრდას.

ცალკე საკითხია კონკრეტულად ჰესებთან დაკავშირებით არსებული ხედვები. მისასალმებელია, რომ სახელმწიფოს ხედვა ჰესების კიდევ უფრო განვითარებისკენაა მიმართული. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დღესდღეობით ჩვენი ენერგიის გენერაციის დიდი წილი სწორედ ჰესებიდან წარმოქმნილ ენერგიაზე მოდის, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას მზისა თუ ქარის ენერგია ვერ ჩაანაცვლებს. სიმართლე ისაა, რომ ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის ჰესების მშენებლობა აუცილებელი და მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი მთლიანად სახელმწიფო ინტერესში შედის.

კიდევ ერთი პრიორიტეტი, რასაც ხაზი უნდა გავუსვათ, ეს ბაზრის ლიბერალიზაციის საკითხია. ამ მხრივ სემეკის პოზიცია ზუსტად ისეთია, რასაც ევროკავშირი ჩვენგან ითხოვს. უფრო კონკრეტულად, წელს სემეკის ერთ-ერთი მთავარი სამოქმედო არეალი ბაზრის ლიბერალიზაცია და კონკურენციის ხელშეწყობა იქნება.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღესდღეობით ენერგეტიკის განვითარებასთან დაკავშირებული ხედვები სწორი ვექტორითაა მიმართული. ასეთი პოლიტიკის სრული იმპლემეტაცია კი შესაძლებლობას მოგვცემს ენერგო პოტენციალის სრულად ათვისებას, გამომუშავებული გენერაციის მაღალ დონესა და ენერგო უსაფრთხოებას. არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ მომავალში შავი ზღვის კაბელის პროექტი საშუალებას მოგვცემს ჩვენი წარმოებული ნამატი ენერგია ევროპაშიც გავიტანოთ და დამატებითი ეკონომიკური სარგებელი ვნახოთ. ამისთვის კი უფრო და უფრო მეტი გენერაციის წყაროს შექმნაა საჭირო, რაც ემთხვევა თუნდაც სემეკის ხედვებს.