შავი ზღვის გადამცემი კაბელის პროექტი მასიურ დაფინანსებას საჭიროებს, საჭიროა არა მხოლოდ ერთი, არამედ მრავალი პარტნიორი მასშტაბური დაფინანსებისთვის - ამის შესახებ „ევროპის საინვესტიციო ბანკის“ (EIB) დირექტორი ლიონელ რაპაი აცხადებს.

მისი თქმით, ეს პროექტი უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობაა როგორც რეგიონის ქვეყნებისთვის, ასევე ევროკავშირისთვისაც - ეს არის ელექტროგადამცემი ხაზების ახალი მარშრუტი, ახალი გზა და ეს გულისხმობს ბევრი ქვეყნისთვის ენერგეტიკული პოტენციალის შექმნას.

„ეს ახალი მარშრუტები შესაძლებელს გახდის, რომ ფასები თანხვედრაში მოვიდეს - ანუ ფასთა კონვერგენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც უფრო ფართოა გეოგრაფიული არეალი, უფრო ნაკლებად უნდა იყოს ფასი ცვალებადი - სწორედ ეს არის ერთ-ერთი დადებითი მხარე, რასაც ჩვენ ვხედავთ.

ჩვენ „მსოფლიო ბანკთან“ ერთად ვამზადებთ ამ პროექტს. ასევე მასში მონაწილეობენ სამინისტროები. ეს კომპლექსური პროექტია, რომელიც კოორდინაციას და კონსულტაციებს გულისხმობს. საბოლოო ჯამში, ეს უნდა იყოს ისეთი პროექტი, რომელიც მზად იქნება დასაფინანსებლად, ანუ, ეს ისეთი პროექტია, რომლის დაფინანსებაზეც ბანკები უარს არ იტყვიან“ - აცხადებს ლიონელ რაპაი.