„ევროკავშირის ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის კუთხით საკმაოდ კარგი ტემპით მივდივართ“ - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა გიორგი ფანგანმა განაცხადა. მისივე თქმით, სემეკის დასრულებული აქვს ძირითადი სამუშაოები, რომელთა ვალდებულებაც აღებული იყო.

„სემეკის ძირითადი მიზანია, მოახდინოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროპულ კანონმდებლობასთან და ყველა ის დირექტივა, რომელიც სავალდებულოა საქართველოსთვის აღსრულდეს.  ჩვენ პრაქტიკულად დასრულებული გვაქვს ძირითადი სამუშაოები, დარჩა რამდენიმე საკითხი, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ კარგი ტემპით მივდივართ“. აღნიშნავს გიორგი ფანგანი.

ევროკავშირის ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის კუთხით მნიშვნელოვან მოთხოვნას ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება წარმოადგენს, რომლის სრულად ამოქმედებაც 2025 წლიდან იგეგმება. გიორგი ფანგანი აღნიშნავს, რომ ბაზრის სრული გახსნა მომდევნო წლისთვის რეალისტურია. მისივე თქმით, რამდენიმე წელში ენერგეტიკის სექტორი იმ დონეზე მივა, რომ ბაზრის ფუნქციონირება აუცილებელი იქნება.

„პირველი ნაბიჯი ენერგეტიკულ ბირჟასთან დაკავშირებით წელს გადაიდგა, როდესაც გავხსენით დღით ადრე ბაზარი, სადაც ყველა სუბიექტს შეუძლია ნებაყოფლობით ვაჭრობა. მე ვფიქრობ, 2025 წელს რეალისტურია, რომ ჩვენ სრულად მოვახდინოთ ბაზრების გახსნა, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანია საბალანსო ბაზარი, რომლის ვალდებულებაც საქართველოს გააჩნია. საბალანსო ბაზრის გახსნა იქნება უკვე ბოლო ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმის დახურვა. ევროკავშირის მიმავალ გზაზე ენერგეტიკული რეფორმა უმნიშვნელოვანესია და ჩვენ დიდი ყურადღებით ვუდგებით ამ საკითხს.

ჩვენ 4-5 წელიწადში მივალთ იმ მომენტამდე, როდესაც თავად ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის ეს ბაზრები იქნება აუცილებელი.  ეს იქნება დამატებითი სტიმული როგორც შიდა რესურსების განვითარებისთვის, ისე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის“. - აცხადებს გიორგი ფანგანი.

ჰარმონიზაციის კუთხით ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთხოვნას ევროკავშირის მხრიდან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევება წარმოადგენდა, რომლის თაობაზეც სემეკმა შესაბამისი წესები ჯერ კიდევ 2020 წელს დაამტკიცა. შეგახსენებთ, რომ წესების მიხედვით, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, რომელიც ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს ნაწილია, სულ მცირე, სამართლებრივი ფორმის, ორგანიზაციული მოწყობისა და გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით, დამოუკიდებელი უნდა იყოს სხვა ისეთი საქმიანობისგან, რომელიც განაწილების საქმიანობას არ უკავშირდება.

გიორგი ფანგანი აღნიშნავს, რომ ამ ნაბიჯმა ხელი შეუწყო ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის გაჩენას.

გამანაწილებელი სისტემის განცალკევების პროცესი ძალიან წარმატებულად მოხდა. ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია მაგალითიც მოვიყვანოთ. მოგეხსენებათ  თბილისში ელექტროენერგიას ყიდდა და ასევე გვაწოდებდა ერთი კომპანია, სააქციო საზოგადოება „თელასი“. ელექტროენერგიის ყიდვა და მიწოდება არის ორი სხვადასხვა საქმიანობა.  დღეს ეს საქმიანობები ერთმანეთისგან გაყოფილია. ახლა არის, მაგალითად, კომპანია „თელმიკო“, რომლის საქმიანობაც შემოიფარგლება ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვით. ხოლო უშუალოდ „თელასს“ დარჩა ერთი საქმიანობა, კერძოდ სხვისი პროდუქტის(ელექტროენერგიის) ერთი წერტილიდან მეორე წერტილამდე მიტანა. აქვე დავამატებ, რომ ნებისმიერ პირს შეუძლია დაიწყოს ეს საქმიანობა, დაარეგისტრიროს კომპანია და გახდეს ელექტროენერგიის თავისუფალი მიმწოდებელი. დღეს ეს საქმიანობა სრული გამჭვირვალობით მიმდინარეობს და უკვე გაჩნდნენ თავისუფალი მიმწოდებლებიც.

„ჩვენ ენერგეტიკის სექტორში, იქ, სადაც კონკურენცია არ არსებობდა, შევქმენით სრულფასოვანი, გამჭვირვალე გარემო, რათა ნებისმიერს შეეძლოს შესვლა. დღეს უკვე ვხედავთ, რომ რამდენიმე ორგანიზაცია დარეგისტრირდა როგორც თავისუფალი მიმწოდებელი და  ისინი შედიან კონკურენციაში სხვა საწარმოებთან. შესაბამისად, სემეკის მხრიდან გამანაწილებელი სისტემის განცალკევების წესის დამტკიცებამ შექმნა კონკურენცია“. - აღნიშნა გიორგი ფანგანმა.