ოქტომბრის თვეში, განახლებადი ენერგიის ელექტროსადგურების ინვესტორებისთვის ახალი შეღავათი ამოქმედდა.

ეკონომიკის სამინისტროს აღნიშნული დადგენილებით,  მშენებლები, რომლებსაც ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულება ფორმდება, გარანტიის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან. ცვლილება ეხება ქარის და მზის სადგურებს და ასევე იმ ჰიდროელექტროსადგურებს, რომელთა დადგმული სიმძლავრე 100 მეგავატს აღემატება.

GREDA-ს იურისტის, ლევან კოკაიას შეფასებით, ახალი დადგენილება მნიშვნელოვანი შეღავათი და ძალიან საინტერესო გამოწვევაა პოტენციური  ინვესტორებისთვის.

"განახლებადი ენერგიების მარეგულირებელი ჩარჩო ძალიან საინტერესო ცვლილებებით გამოირჩევა. ბოლო დროს საქართველოს მთავრობის ორ დადგენილებაში საკმაოდ საინტერესო და საყურადღებო ცვლილებები შევიდა. ვგულისხმობ საქართველოს მთავრობის 556-ე დადგენილებას, რომელმაც ფასთა შორის ხელშეკრულების დადგენის ვალდებულება განსაზღვრა და რომლის საფუძველზეც აუქციონი ჩატარდა.

მეორე ესაა მთავრობის 515-ე დადგენილება. ბოლო ცვლილებები ამ დადგენილებებში მიმდინარე წელს შევიდა, თუმცა საყურადღებოა, მიმოვიხილოთ  556-ე დადგენილებაში შესული ივნისის ცვლილებაც, რომელმაც ძალიან საინტერესო შესაძლებლობები გააჩინა.

იმისთვის, რათა ინვესტორმა საქართველოში ენერგეტიკული პროექტის განხორციელების უფლება მოიპოვოს, მას ტრადიციულ აუქციონში მონაწილეობის პარალელურად შეუძლია შერჩეული იყოს ღია საკონკურსო აუქციონის წესით, ასე უფრო მაღალი იქნება ალბათობა, რომ დაინტერესებულმა ინვესტორმა საქართველოში ელექტროსადგური ააშენოს",- აღნიშნა ლევან კოკაიამ.

მისივე თქმით, 515-ე დადგენილების შემთხვევაში, აუცილებელია, კონკრეტულად გაიწეროს გარანტიის წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლების ზედა და ქვედა ზღვარი.

,,515-ე დადგენილების შემთხვევაში „გრედას“ ჯგუფი ვისურვებდით, რომ იგი ცოტა უფრო მეტად კონკრეტული იყოს ქარისა და მზის სადგურების შემთხვევაზე. უფრო კონკრეტულად, გაიწეროს დადგმული სიმძლავრის ზღვარი, როგორც ეს არის განსაზღვრული ჰიდროელექტროსადგურების შემთხვევაში. ჰიდროელექტროსადგურების შემთხვევაში ინვესტორები საბანკო გარანტიებისგან თავისუფლდებიან, თუ დადგმული სიმძლავრე 100მგ/ვატს აღემატება. მზის და ქარის სადგურებით დაინტერესებულ პოტენციურ ინვესტორებს კითხვები უჩნდებათ- რა არის ის ზედა თუ ქვედა ზღვარი, რომლის მიღმაც ისინი გათავისუფლდებიან ამ საკმაოდ დიდი ვალდებულებისგან.

არსებობს კიდევ ერთი გამოწვევა 515-ე დადგენილებაში, ესაა ბიუროკრატიული ელემენტი. იმისთვის, რათა ინვესტორმა გაიგოს ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან მას მიენიჭა თუ არა სადგურის აშენების უფლება, ეკონომიკის  სამინისტროს განსახილველად  6-თვიანი ვადა ეძლევა. ფაქტობრივად, გამოდის, რომ ინვესტორს მარტო ექვსი თვე იმის გასაგებად ეკარგება, აქვს თუ არა უფლება წინასამშენებლო ეტაპზე გადავიდეს"- თქვა ლევან კოკაიამ.

GREDA-ს ჯგუფი პოტენციურ ინვესტორებს ურჩევს, განაცხადის გაგზავნამდე,  პროექტის მასშტაბები და მისი განხორციელების ლოკაცია განსაზღვრული ჰქონდეთ.

"არი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი,  რაზეც რეკომენდაციას გავცემდით.

ხშირად ხდება, რომ ინვესტორები მოიპოვებენ ელექტროსადგურის აშენების უფლებას, მაგრამ ჯერაც არ აქვთ განსაზღვრული ის კოორდინატები, სადაც ისინი განახორციელებენ პროექტს. პროექტის დაგეგმარების ეტაპზევე, არა მხოლოდ უნდა გაიაზრონ ეს დეტალი, არამედ უკვე მზად უნდა ჰქონდეთ",- თქვა GREDA-ს იურისტმა.