სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი 2022 წლის დასაწყისში შეიქმნა. ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიზანია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების აქტუალურ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, აღნიშნულ სექტორებში დასაქმებულ და სხვა დაინტერესებულ პირთა პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის სპეციალური სასწავლო კურსების/პროგრამების განხორციელება. გარდა ამისა, აქტივობებისა და საქმიანობების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, დაინტერესებულ პირებს შორის გამოცდილებისა და ცოდნის გაცვლა, ფუნდამენტური კვლევების ჩატარება, სამეცნიერო საგანმანათლებლო ხასიათის პროექტების მომზადება, კვლევების ორგანიზება, საინფორმაციო ბაზის შექმნა და თემატური კონფერენციების მოწყობა.

აღნიშნული ცენტრის შექმნა ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის მდგრადობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ტრენინგები და სხვა პროექტები მიმართულია სექტორში მომუშავე ადამიანების როგორც კვალიფიკაციის ამაღლების, ისე თანამედროვე სტანდარტების ცოდნის ამაღლებისკენ. იმ ფაქტს თუ გავითვალისწინებთ, რომ ენერგეტიკის სექტორში კვალიფიციური სამუშაო ძალიან მაჩვენებელი გამოწვევას წარმოადგენს, აღნიშნული ცენტრი ხელს უწყობს ამ გამოწვევების გადაჭრას. კვალიფიციური სამუშაო ძალა კი ერთის მხრივ ნიშნავს ამა თუ იმ კომპანიის ოპტიმიზაციას, ხოლო მეორეს მხრივ, ხელს უწყობს სექტორში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას. ბუნებრივია, რომ სხვა ფაქტორებთან ერთად ინვესტორები მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობენ ქვეყნის შიგნით სამუშაო ძალის განათლების დონეს. ამ კუთხით ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. როდესაც კვალიფიკაციაზე ვსაუბრობთ, ასევე თვალთახედვიდან ვარ უნდა გამოგვრჩეს ისიც, რომ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აქტიურად ეწევა ახალგაზრდებში ენერგეტიკოსის პროფესიის პოპულარიზაციას, რაც სამომავლოდ ხელს უწყობს მათ დაინტერესებას აღნიშნული სექტორით. ეს ყველაფერი კი დამატებით კვალიფიციურ ადამიანებს ნიშნავს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი როლი, რასაც ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი თამაშობს არის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება. მათ შორის, საუბარია, ენერგიის ეფექტიან მოხმარებაზე, მომხმარებელთა შორის ენერგიით ვაჭრობაზე, მათ უფლებების დაცვაზე და ა.შ. აღნიშნული პროექტები შესაძლებლობას იძლევა მომხმარებელს ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია უფლებების შესახებ. გარდა ამისა, ისინი ხედავენ იმ პერსპექტივას, რასაც წარმოადგენს თუნდაც ენერგიის გენერაცია და მისი გაყიდვა სხვა მომხმარებლებზე. ეს ყველაფერი მთლიანობაში კეთდება იმისათვის, რათა საქართველოში ენერგეტიკის სექტორი კიდევ უფრო მეტად განვითარდეს. თან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ის სექტორია, რომელსაც მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია არსებული რესურსებიდან გამომდინარე.