ექსპერტი ელექტონული ქსელების საკითხებში კოტე წერეთელი EnergyNews-სთან სემეკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს, რომელიც ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური ინსპექტირების დაწყებას გულისხმობს. როგორც კოტე წერეთელი აცხადებს, ქსელის გამართული და ხარისხიანი მუშაობა აუცილებელია იმისათვის, რათა მომხმარებელს ხარისხიანად და უწყვეტად მიეწოდოს ელექტროენერგია.
„გამანაწილებელი ქსელების მნიშვნელობა ძალიან დიდია ჩვენი ელექტროენერგიით მომარაგებისთვის. სწორედ გამართული ქსელები უზრუნველყოფს საიმედო მომარაგებას, ამიტომ მას სჭირდება დიდი ყურადღების მიქცევა და მუდმივი კონტროლი. გარდა ამისა, მომარაგებას სჭირდება ენერგიის მაღალი ხარისხი, და მისი ცვალებადობა არ უნდა ხდებოდეს, რადგან ძაბვა 5%-ზე ნაკლებ დონეზე არ უნდა დავარდეს. განსაკუთრებით ყურადღება უნდა მიექცეს დაბალი ძაბვის ქსელებს. ის ქსელები, რომლებიც რაიონებს ენერგიით კვებავენ მათ სჭირდებათ კონტროლი“. - აცხადებს კოტე წერეთელი.
კოტე წერეთელი ასევე აღნიშნავს, რომ უშუალოდ სემეკის მხრიდან ინსპექტირების დაწყება სწორი ნაბიჯია.
„სემეკის გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს გამანაწილებელი ქსელების ინსპექტირებას მნიშვნელოვანია, რადგან მათ ზემოდან აუცილებლად სჭირდებათ კონტროლი. ახლა სემეკი არის ყველაზე შესაბამისი იმისათვის, რათა ეს ფუნქცია აიღოს და უზრუნველყოს გამანაწილებელი ქსელების ხარისხიანი ფუნქციონირება“. - აღნიშნავს კოტე წერეთელი.
ინფორმაციისთვის, აქამდე სემეკი, გამანაწილებელი კომპანიების მიერ შესრულებული ტექნიკური სამუშაოების შეფასების დროს ეყრდნობოდა დამოუკიდებელი ინსპექტირების აკრედიტებული კომპანიების აუდიტს. თუმცა, ერთ-ერთი ასეთი დამოუკიდებელი კომპანიის მიერ წარმოდგენილი დასკვნის გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ აუდიტი არ აღწერდა რეალურ სურათს და მოიცავდა უხეშ უზუსტობებს, არ ასახავდა კონკრეტულ ობიექტზე არსებულ ხარვეზებს, რომლებიც შესაძლოა ყოფილიყო სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელი. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ მარეგულირებელმა კომისიამ თავად დაიწყო ქსელების ინსპექტირების პროცესი.