ენერგო რესურსები, ობიექტები და ზოგადად ენერგეტიკა მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებისა და დაპირისპირებების უმრავლესობების მიზეზს ან მიზანს, ან სულაც საშუალებას წარმოადგენენ. ძალიან ხშირად კი – სამივეს ერთად. ცნობილია, რომ ჰიბრიდული ომის კონცეფციაში, ენერგეტიკა ჩვეულებრივ მეთოდებთან ერთად, ინსტრუმენტალიზებულია და მტრების წინააღმდეგ საბრძოლო იარაღად გამოიყენება.
რუსეთის უკრაინაში შეჭრით, კიდევ ერთხელ გავხდით მოწმე ენერგეტიკული რესურსებისა და ობიექტების იარაღად გამოყენების პრაქტიკისა. სამწუხაროდ, აგრესორი ენერგეტიკული შანტაჟის ყველა შესაძლო ვარიანტს მიმართავს, რომელთა შორისაა საკუთარი ნავთობისა და ბუნებრივი აირის რესურსების ზეწოლის ინსტრუმენტად გამოყენება, ელექტროსისტემაზე კიბერ-თავდასხმები, რომელსაც ის ჯერ კიდევ 2015 წლიდან აქტიურად ახორციელებს. ის ასევე არ ერიდება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტების მასიური დაბომბვა-განადგურებას.
თუმცა, გვაქვს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეხების მთავარი წერტილი და დიალოგის დაწყების ყველაზე მნიშვნელოვანი საგანი სწორედ ენერგეტიკული საკითხი ან ობიექტია. ერთ-ერთი ასეთია თურქმენეთი-ავღანეთი-პაკისტანი-ინდოეთის (TAPI), იგივე ტრანს-ავღანური გაზსადენი, რომელიც თურქმენულ გაზს, ავღანეთისა და პაკისტანის გავლით, ინდოეთამდე მიიტანს. აღნიშნული ობიექტი ხსენებულ ქვეყნებს თავიდან აიცილებს როგორც ირანთან, ასევე რუსეთთან ურთიერთობას და მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთ-პაკისტანს შორის ორმხრივი პრობლემები არსად გამქრალა და გასათვალისწინებელია თალიბანის ფაქტორიც, საერთო ინტერესი მათ მჭიდრო თანამშრომლობაზე უბიძგებთ.
საქართველოს ისტორიაში ხშირია მაგალითები, როდესაც ენერგეტიკულმა ობიეტებმა დადებითი როლი ითამაშეს არა მხოლოდ ქვეყნის თუ რეგიონის ეკონომიკისა და საერთაშორისო გეოპოლიტიური მნიშვნელობის გაძლიერებაში, არამედ – გარკვეული წვლილი შეიტანეს ასევე მეზობლ ქვეყნებსა და სტრატეგიულ პარტნიორებთან უფრო დაახლოებასა და მჭიდრო თანამშრომლობაში. ასეთია, მაგალითად, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, რომელსაც საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის კეთილმეზობლურ ურთიერთობაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია.
საბედნიეროდ, მომავლაშიც იგეგმება მსგავსი პროექტების განხორციელება. ერთ-ერთი ასეთია შავი ზღვის ფსკერზე გამავალი 1200 კილომეტრი სიგრძის ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მშენებლობა, რომელიც საქართველოსა და რუმინეთის ელექტროენერგეტიკულ სისტემებს დააკავშირებს ერთმანეთთან, რაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს არა მხოლოდ ამ ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობის განმტკიცებაში, არამედ – ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის სადენის მსგავსად, კიდევ უფრო გააღრმავებს ისეთ რეგიონებს შორის თანამშრომლობასა და კავშირს, როგორებიცაა ცენტრალური აზია, კასპიისპირეთი, სამხრეთ კავკასია და აღმოსავლეთ ევროპა.
თუმცა, როდესაც ენერგეტიკულ ობიექტებზე ვსაუბრობთ, რომელთა წარმატებით გამოყენება ორ დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგის საწარმოებლად არის შესაძლებელი, რაც გაცილებით რთული მისიაა, ვიდრე უბრალოდ მეგობრულ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცება, პირველ რიგში გვახსენდება „ენგურჰესი“, რომლის სამანქანო დარბაზი-ქვესადგური და ვარდნილჰესების კასკადი ოკუპირებულ გალის რაიონის ტერიტორიაზეა, კაშხალი, წყალსაცავი და დერივაციული გვირაბის ნაწილი კი – წალენჯიხის რაიონში.
“ენგურჰესი” – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი “პრობლემა”
“ენგურჰესის” ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც ქართული, ისე აფხაზური მხარისთვის. მისი წვლილი ენერგეტიკასა და ზოგადად, ეკონომიკაში შეუცვლელია. საქართველოს ელექტრომომარაგების 40% სწორედ მასზე მოდის, ხოლო მიმდინარე კონფლიქტების ფონზე, თუ გავიხსენებთ რამხელა მნიშვნელობა აქვს საკუთარი ენერგორესურსების ქონას ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, არ გაგვიჭირდება მისი როლის სათანადოდ შეფასება.
ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონისთვის მას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. სწორედ “ენგურჰესის” წყალობით მოახერხა მხარემ გადარჩენა, თუმცა, დროთა განმაშვლობაში, სწორედ აღნიშნული მნიშვნელობის გამო, მასზე დამოკიდებულეამ უდიდესი პრობლემები მოიტანა ორივე მხარისთვის.
1997 წლის სიტყვიერი შეთანხმებით, აფხაზურ მხარეს “ენგურჰესის” გამომუშავებული ელექტროენერგიის 40% უნდა წაეღო და თავდაპირველად, კრიპტოვალუტის ბაზრის გააქტიურებამდე, ხშირად, ხსენებულ 40%-საც ვერ ითვისებდა, თუმცა წლების მანძილზე მომხმარება სულ უფრო და უფრო იზრდებოდა და განსაკუთრებულ მძიმე ტვირთად დააწვა ქართულ ენერგოსისტემას, ბოლო პერიოდის განმავლობაში კი, რეგიონის უმთავრეს პრობლემადაც იქცა.
ელექტროენერგიის დეფიციტი, მწყობრიდან გამოსული ინფრასტრუქტურა, თუ ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებული საკითხები ადგილობრივი საზოგადოებისა თუ მედიის მსჯელობის საგანი ხშირად ხდება.
ოკუპირებული აფხაზეთის ენერგოსისტემა ძირითადად, ელექტროენერგიაზეა აგებული. რეგიონში ომამდე “ენგურჰესის”, სოხუმის ჰესისა და ტყვარჩელის თბოსადგურის გარდა ოცზე მეტი მცირე ჰესი ფუნქციონირებდა. ომმა ენერგოსისტემას მნიშვნელოვანი მატერიალური და ინფრასტრუქტურლი ზიანი მიაყენა. მართალია, ჰესმა ამ ზარალს მეტნაკლებად აარიდა თავი, მაგრამ არ გაუმართლათ სხვა სადგურებს. მაგალითად სოხუმის ჰესი მხოლოდ 2018 წელს გარემონტდა, ხოლო ტყვარჩელის თეს-ი დღემდე მიტოვებული და გაძარცვულია. თითქმის ყველა მცირე ზომის ჰესი ასევე უფუნქციოდ არის დარჩენილი. ელექტროენერგიის ძირითადი წყარო “ენგურჰესი” და რუსული იმპორტია, ხოლო რეგიონში ყველაზე დიდი ენერგო გენერატორი – ვარდნილჰესი 1-ია.
გარდა მატერიალური ზარალისა, ოკუპირებული აფხაზეთის ენერგოსისტემამ დანაკარგი ნახა პროფესიულ კადრებში. როდესაც ვსაუბრობთ დევნილებზე, ყურადღების მიღმა რჩება ის გარემოება, რომ ეს ადამიანები არამხოლოდ სოფლის მეურნეობაში, არამედ ეკონომიკის სხვა და სხვა სფეროებშიც იყვნენ აქტიურად ჩართულები და მათი განდევნით ადგილობრივმა ეკონომიკამ, განათლებამ თუ სხვა სფეროებმა დანაკარგი განიცადეს. ადგილობრივი განათლების სისტემა ამ დანაკლისს ვერ ავსებს. მეტიც – ის აფხაზური ენის შენარჩუნებასაც კი ვერ ახერხებს.
ენერგოსისტემის პრობლემებს ემატება გაზიფიკაციის არარსებობა რეგიონში. ენერგიის მთავარი წყარო სწორედ ელექტროენერგიაა, რომელსაც მოსახლეობა უკონტროლოდ და დაუზოგავად მოიხმარს გასათბობად, გასაგრილებლად და ცხელი წყლისთვის, მათ შორის სასტუმროებსა და რესტორნებში, აქტიურ ტურისტულ სეზონებზე. აღნიშნული კი ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ინფრასტრუქტურას დამატებით ტვირთად აწევს. ხშირად მწყობრიდან გამოდის ტრანსფორმატორები, ზიანდება გადამცემი ხაზები. იყო შემთხვევები, როდესაც COVID პაციენტები გარდაიცვალნენ ძაბვის ვარდნის მიზეზით, საავადმყოფოების რეანიმაციულ განყოფილებებში შუქის გათიშვის გამო. მონოპოლისტი „ჩერნომორენერგო“ დროულად მხოლოდ ქალაქებში მომხდარი ავარიების ლიკვიდაციას თუ ახერხებს, თანაც იმ პირობებში, როდესაც რეგიონში სულ რამდენიმე ჰესი თუ მცირე სადგური ფუნქციონირებს. ინფრასტრუქტურის უფრო მეტად გამართვა/ათვისების შემთხვევაში პროფესიული კადრების ნაკლებობა და კომპანიის არაეფექტური მუშაობა კიდევ უფრო თვალშისაცემი იქნება.
აღსანიშნავია ისიც, რომ რეგიონში უმეტესად ისევ ძველ, საბჭოთა პერიოდის მრიცხველებს იყენებენ, ხოლო სოფლად თუ ქალაქად მათი გაკონტროლება არ ხდება. ამას ემატება კრიპტო ფერმები. უფასო დენი რჩება სამოთხედ კრიპტო მაინერებისთვის. აქ კრიპტო ვალუტას მოიპოვებს ყველა, რუსი გენერლებიდან დაწყებული, „კანონიერი ქურდებით“ დამთავრებული.
ადგილობრივი ხელისუფლება ეფექტურად ვერ და არ ებრძვის ამ პრობლემას. ერთის მხრივ, პოლიტიკური გადაწყვეტილებები კრიპტო მაინინგთან დაკავშირებით ხშირად იცვლება – ის ზოგჯერ ლეგალური ხდება, ზოგჯერ – არალეგალური. მეორეს მხრივ კი მაინინგის მომგებიანობის გამო ადგილობრივი პოლიტიკური ელიტები პირდაპირ თუ ირიბად არიან ჩართული ამ ბიზნესში.
მოცემული ვითარება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძალიან დიდ პრობლემებს უქმნის ქართულ ენერგოსისტემასაც, რადგან წყლის ინტენსიური ხარჯვის გამო წყალსაცავში დონე უკვე ჩამოცდა იმ ნიშნულს, რომლის ქვემოთ მხოლოდ ავარიული მარაგია.
არსებული მძიმე სიტუაცია სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს როგორც ქართული, ისე აფხაზური მხარისგან.
სოხუმისთვის ერთ-ერთი გამოსავალი მოსკოვთან დადებული საინვესტიციო ხელშეკრულებებია. აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები მთლიანი ენერგოსისტემის პრივატიზაციაზე და რუსული ინვესტიციის ჩადებაზე.
თუმცა, რუსული ინვესტიციის მისაღებად მხოლოდ კრემლის პოლიტიკური ამოცანები არ არის საკმარისი. სოხუმმა რუსული კაპიტალიც უნდა დაარწმუნოს, რომ ღირს ოკუპირებული აფხაზეთის ენერგეტიკაში ფულის დაბანდება. ეს ამოცანა კიდევ უფრო რთულდება, როდესაც იგივე „ჩერნომორენერგოს“ მონაცემებით, რეგიონში ელექტრო ენერგიაზე გადასახადების ამოღება უმთავრეს პრობლემად რჩება, რადგან მიზერული ტარიფების მიუხედავად, ადგილობრივების დიდი ნაწილი მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს არ იხდის.
აქ ჩნდება კითხვა – რაში აწყობს კრემლს რეგიონის ენერგო ინფრასტრუქტურაში ფულის დაბანდება, თუკი გადასახადის ამოღება პრობლემურია და ისედაც, ეკონომიკურ სარგებელს ნაკლები პერსპექტივა აქვს.
ეკონომიკური და ფინანსური ექსპანსიით კრემლი, სავარაუდოდ, ცდილობს აფხაზეთის ამ შემთხვევაში ენერგო სფეროს იურიდიულ ინკორპორაციას მის სისტემაში, რომ მომავალში მას მოქმედების თავისუფლება ქონდეს, ხოლო კრიზისის შემთხვევაში ბრალი ადგილობრივ ელიტებზე გადაიტანოს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ გადასახადების ამოღების გარეშე მაინც ნაკლებად სავარაუდოა, რუსულმა კოპანიებმა მუდმივად მოამარაგონ ელექტროენერგიით აფხაზეთის რეგიონი. მოსახლეობას მოუწევს საფასურის გადახდა, რასაც ის აბსოლუტურად მიუჩვეველია.
არსებული სიტუაცია ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობას აიძულებს ეკონომიურად მოიხმარონ და აანაზღაურონ სწორედ “ენგურჰესის” მიერ გამომუშავებული ენერგია, რადგან უკვე ნათელია, რომ მათ მაინც მოუწევთ საფასურის გადახდა რუსული კომპანიებისთვის, რომელთა ტარიფი შეიძლება შეღავათიანი იყოს, მაგრამ ურჩევნიათ ადგილობრივი რესურსების მიერ წარმოებულ ენერგიაში თანხის გადახდა და რუსულ ენერგო რესურზებზე ნაკლებად დამოკიდებულება.
თუმცა, გარდა საფასურის არგადახდისა, აფხაზეთის თვითგამოცხადებული ხელისუფლებისთვის თავს იჩენს სხვა სირთულეც, ენერგოსისტემის პრივატიზაციაზე საუბარმა საზოგადოების ნაწილში პროტესტი გამოიწვია. უკმაყოფილების მიზეზები ჩვენთვისაც კარგად ნაცნობია – ენერგოსისტემა სტრატეგიული დანიშნულებისაა და მისი პრივატიზაცია არასწორია. მოსახლეობაში ხშირად გაისმის ჩვენთვის საკმაოდ მტკივნეულად მოსასმენი ფრაზაც: „იმისთვის კი არ ვებრძოლეთ ქართველებს, რომ ჩვენი საკუთრება რუსეთს ჩაუვარდეს ხელში?“ მაგრამ, ალბათ სწორედ ეს დამოკიდებულება მეტ-ნაკლებად უშლის ხელს რუსეთის მიერ აფხაზეთის სრულად „ჩაყლაპვას“ და გვაძლევს საშუალებას ოკუპირებულ აფხაზურ მხარესთან მეტი შეხების წერტილები ვიპოვოთ დიალოგის შედეგიანად განსავითარებლად, რომელსაც, მისი სწორად, ფრთხილად და ჭკვიანურად წარმართვის შემთხვევაში, შესაძლოა, ღირებული შედეგებიც მოჰყვეს დაახლოებისა და ინტეგრაციის კუთხით.
თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა
და რაში გამოიიხატება ეს შესაძლებლობა? რეგიონის ამჟამინდელი მდგომარეობა ძლიერ წააგავს 90-იანი წლების საქართველოს დანარჩენი ტერიტორიის სიტუაციას, როდესაც მოსახლეობის ნაწილს ეგრეთწოდებული „ლევი“ სადენი ჰქონდა სახლში გაყვანილი და არავინ იხდიდა ელექტროენერგიის საფასურს. ჩვენი გამოცდილების გაზიარება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, აღნიშნულ მოსაზრებას ეთანხმება „ენგურჰესის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონიაც, რომელიც აცხადებს, რომ არის თანამშრომლობაზე დაინტერესება და უფრო მეტიც: “ისინი აღნიშნულ საკითხში გვენდობიან, რადგან იციან, რომ მეტი გამოცდილება და ცოდნა გვაქვს”.
გარდა ამისა, როგორც აღვნიშნეთ, ოკუპირებული აფხაზეთის ენერგოსისტემას პრობლემები აქვს პროფესიულ კადრებშიც, ენერგეტიკის დარგში ქართველ სპეციალისთებთან კომუნიკაცია მათთვის საინტერესო და სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს.
საბედნიეროდ, იგრძნობა პოზიტიური ძვრები: 2016-2019 წლებში ჩატარდა კვლევა ენგურჰესზე სამმხრივი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელიც შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ადამიანის უსაფრთხოების განყოფილების მხარდაჭერით მიდინარეობდა და რომელშიც ერთად მუშაობდნენ როგორც ქართველი, ისე აფხაზი პროფესიონალები. ხსენებული კვლევის ანაგარიში ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ აქ.
აღნიშნული პრეცედენტი გვაძლევს იმედს, რომ მომავალშიც შესაძლებელია მსგავსი სახით თანამშრომლობა, რამაც შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ორი დაპირისპირებული მხარის მეტად დაახლოებაში, რომ აღარაფერი ვთქვათ, არსებული უმძიმესი პრობლემის უფრო შედეგიანად მოგვარებაზე.
“ენგურჰესის” ტურისტული პოტენციალის როლი დიალოგის დაწყებაში
2021 წლის ნოემბერში, „ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი მსოფლიო დონის ატრაქცია“ პროექტის პირველი ეტაპი ენერგეტიკის განვითარების ფონდმა და მისმა შვილობილმა კომპანიამ ენგურის ატრაქციამ დაიწყეს.
იმავე წლის დეკემბერში კი „ენგურჰესის“ თაღოვანი კაშხალი ოფიციალურად „ევროპის საბჭოს, კულტურული მარშრუტების პროგრამის, ევროპის ინდუსტრიული მემკვიდრეობის მარშრუტის“ სერთიფიცირებული წევრი გახდა. ის საქართველოდან პირველი ობიექტია, რომელიც ხსენებულ მარშრუტში გაწევრიანდა.
„ენგურჰესის“ კაშხლის ტურისტული მარშრუტის ხანგრძლივობა ორი საათია და ვიზიტორებს საშუალება აქვთ, დაათვალიერონ კაშხლის ხიდი, დისკური ფარების შენობა, გვირაბი, წყალსაცავის ფარების განყოფილება და სხვა საინტერესო ადგილები.
ამ ეტაპზე ის გახსნილია მხოლოდ თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე. თუმცა ხსენებული კიდევ ერთი შესაძლებლობაა აფხაზურ მხარესთან თანამშრომლობის, ამჯერად ტურიზმის კუთხით, დასაწყისისთვის, თუნდაც აფხაზური მხრიდან ტურების მოწყობის სახით.
აღნიშნულის თაობაზე, ნიკა ანთიძე, შპს “ენგური ატრაქციის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ნებისმიერს შეუძლია ტურში მონაწილეობა, მათ შორის ოკუპირებული აფხაზური მხრიდან. ხოლო რაც შეეხება ერთობლივ ტურისტულ მარშრუტს, ასევე მოტივაციას საუბრის, დიალოგის დაწყების, აქ, მისი აზრით, მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდებად წარმატებული იქნება ხსენებული პროექტი: “როდესაც კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მივანიჭეთ, ოკუპირებულმა აფხაზურმა მხარემაც ზუსტად იგივე გააკეთა მათ მიერ კონტროლირებად ნაწილზე, რაც იმის მაჩვენებელია, რომ გვაკვირდებიან, რადგან იციან ამ კუთხით ჩვენ უფრო მეტი ცოდნა გვაქვს. აღნიშნული მნიშვნელოვნად წაახალისებს თანამშრომლობის სურვილს, მით უმეტეს, რომ ენგურჰესის მეორე ნაწილი, რომელიც ოკუპირებულ აფხაზურ მხარეს მდებარეობს, არანაკლებ სანახაობრივი და შთამბეჭდავია. “ენგურჰესს” აქვს ძალიან დიდი პოტენციალი დიალოგის დაწყების, მას შეუძლია ტურისტული თვალსაზრისითაც გარკვეული დიალოგის პლატფორმა გახდეს აფხაზურ მხარესთან.”
მნიშვნელოვანია ქართული და აფხაზური მხარეების მიერ კონტროლირებადი ნაწილების ერთმანეთან ახლო მანძილზე მდებარეობა. აღნიშნული კარგი ხელშემწყობი ფაქტორია ერთობლივი ტურისტული მარშუტების განსახორციელებლად, რაც ასევე შექმნის დიალოგისთვის დამატებით პლატფორმას, შესაბამისად, აუცილებელია ამ კუთხითაც აქტიური მუშაობა.
“ენგურჰესი” - ხიდი აფხაზეთთან
როდესაც 2022 წლის აგვისტოში საქართველოს პრეზიდენტმა სამეგრელოს რეგიონში ვიზიტის ფარგლებში ,,ენგურჰესის“ თაღოვანი კაშხალი დაათვალიერა, განაცხადა: “„ენგურჰესს“ ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, არა მხოლოდ როგორც ნაგებობასა და კაშხალს, ეს არის რეალურად, ჩვენი ნამდვილი ხიდი აფხაზეთთან, რამეთუ ერთობლივად იმართება და ეს ალბათ, ერთადერთი ასეთი, საერთო ეკონომიკური საქმიანობაა. ეს არის ის, რაც დღეს კიდევ გვაერთიანებს და რასაც ძალიან დიდი მომავალი აქვს”.
სწორედ „ენგურჰესია“ უნიკალური თანამშრომლობის მაგალითი და მექანიზმი, რომელიც საომარი მოქმედებების დროსაც კი არ შეწყვეტილა, რადგან სარგებელი ორმხრივია: “ენგურჰესი” თანამშრომლობის ერთადერთი კარგი მაგალითია. ორივე მხარის ინტერესმა ეფექტური კომუნიკაცია შესაძლებელი გახდა. გვაჩვენებს, რომ ორმხრივი სურვილის შემთხვევაში, სავსებით შეიძლება ასეთი ეფექტური თანამშრომლობა დამყარდეს.
აღნიშნული კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მიმდინარე მოვლენების, რომელთა შორის შესაძლოა მიმდინარე წლის სექტემბრიდან რუსეთის მიერ რეგიონისთვის ფინანსური მხარდაჭერის შეწყვეტაც განვიხილოთ, სწორად და ჭკვიანურად გამოყენების შემთხვევაში, “ენგურჰესს” შეუძლია მნიშვნელოვანი დადებითი როლი შეასრულოს 30 წლიანი კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების საკითხში. კარგი იქნება თუ უფლებამოსილი და პასუხისმგებელი პირები არ გაუშვებენ ხელიდან ამ შესაძლებლობას და შეძლებენ დიალოგის ეფექტიანად და სასარგებლოდ წარმართვისთვის მის გამოყენებას.
ავტორი: ნინო სამადაშვილი