The New York Times-მა ამ ყველაფერს „მისტერია“ უწოდა, მაგრამ შეერთებულმა შტატებმა ჩაატარა ფარული საზღვაო ოპერაცია, რომელიც დღემდე საიდუმლოდ იყო დაცული. აღნიშნულ თემას ცნობილმა ამერიკელმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა, მწერალმა და პოლიტიკურმა მწერალმა სეიმურ ჰერშმა სტატია მიუძღვნა.

რა ხდება?

სეიმურ ჰერშის თქმით, აშშ-ის წყალქვეშა სამხედრო-საზღვაო დაივინგისა და სამაშველო ცენტრის ადგილმდებარეობაც ისეთივე ნაკლებად ცნობილია, როგორც მისი სახელწოდება. აღნიშნული დაწესებულება ფლორიდის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ალაბამას საზღვრიდან სამხრეთით, 70 მილის დაშორებით, პანამა-სითიში მდებარეობს. ცენტრის კომპლექსი ისეთივე უსახურია, როგორც მისი მდებარეობა. ის მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის უფერული ბეტონის კონსტრუქციაა, რომელიც ჩიკაგოს დასავლეთ ნაწილში მდებარე პროფესიულ სკოლას მოგვაგონებს. გზაჯვარედინის მოპირდაპირე მხარე კი არის სამრეცხაო და ცეკვის სკოლა.

როგორც ამერიკელი ჟურნალისტი წერს, ცენტრი ათწლეულების განმავლობაში წრთვნიდა მაღალკვალიფიციურ მყვინთავებს, რომლებიც მთელ მსოფლიოში, აშშ-ის სამხედრო შენაერთებში არიან განაწილებული. მათ შეუძლიათ კარგი და ცუდი საქმეების კეთება. პირველ კატეგორიას მიეკუთვნება ტექნიკური დაივინგი, რომელიც C4 ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენებით, ნავსადგურებისა და სანაპიროების ნამსხვრევებისგან, აუფეთქებელი საბრძოლო მასალებისა და საშიში იარაღისგან გასასუფთავებლად გამოიყენება. ცუდი საქმეა უცხოური ნავთობის პლატფორმების აფეთქება, წყალქვეშა ელექტროსადგურების შესასვლელი სარქვლების ჩაკეტვა და გადაზიდვის ყველაზე მნიშვნელოვან არხებზე  საკეტების განადგურება. პანამა – სითიში მდებარე ცენტრი, სადაც ამერიკაში სიდიდით მეორე დახურული აუზი მდებარეობს, მყვინთავთა სკოლის საუკეთესო კურსდამთავრებულთა საიდუმლოდ შესარჩევად შესანიშნავი ადგილია. შარშან ზაფხულში მათ ბალტიის ზღვაში, 260 ფუტის სიღრმეში, წარმატებით შეასრულეს ის დავალება, რომელიც მიიღეს.

გასული წლის ივნისში, აშშ-ის საზღვაო ძალების მყვინთავებმა, რომლებიც ნატოს საზაფხულო სწავლების (BALTOPS 22-ის სახელით არის ცნობილი) ფარლებში მოქმედებდნენ, ბალტიის ზღვაში დისტანციურად კონტროლირებადი ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟეს. სამი თვის შემდეგ, აღნიშნულმა აღჭურვილობამ „ჩრდილოეთის ნაკადის“ ოთხი გაზსადენიდან სამი გაანადგურა. სეიმურ ჰერშის თქმით, მას ეს ინფორმაცია მიაწოდა წყარომ, რომელსაც ამ ოპერაციის დაგეგმვასთან უშუალო შეხება ჰქონდა. ორი მილსადენი, რომლებიც „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ -ის სახელით არის ცნობილი, ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გერმანიასა და დასავლეთ ევროპის დიდ ნაწილს იაფი რუსული ბუნებრივი აირით უზრუნველყოფდა. გაზსადენის მეორე წყვილი, რომელსაც „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ეწოდა, უკვე აშენდა, მაგრამ ექსპლუატაციაში ჯერ არ არის შესული. ახლა, როდესაც რუსეთმა 1945 წლის შემდეგ ევროპაში ყველაზე სისხლიანი ომი გააჩაღა, პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა ზემოთ ხსენებული მილსადენები მიიჩნია როგორც საშუალება, რომლითაც ვლადიმერ პუტინს თავისი პოლიტიკური და ტერიტორიული ამბიციებისთვის ვაჭრობა შეუძლია.

როდესაც ჟურნალისტმა აღნიშნულ თემაზე კომენტარი თეთრი სახლის სპიკერს, ედრიენ უოტსონს სთხოვა, მან ჰერშს ელექტრონული ფოსტით ასე უპასუხა: „ეს არის სიცრუე და სრული ფაბრიკაცია“. ანალოგიური განაცხადა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს სპიკერმა, ტამი თორპმა: „ეს განცხადება სრული და აბსოლუტური სიცრუეა“. მილსადენების საბოტაჟის შესახებ ბაიდენის გადაწყვეტილება ვაშინგტონში, ეროვნული უსაფრთხოების საზოგადოებაში, ცხრა თვეზე მეტი ხნის საიდუმლო დისკუსიების შემდეგ იქნა მიღებული. ამ დროის უმეტეს ნაწილში პრობლემა იყო არა მისიის შესრულება, არამედ ის, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი ისე, რომ არავის ჰქონოდა მკაფიო წარმოდგენა, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი აღნიშნულ ქმედებაზე.

ჰერშის განმარტებით, არსებობდა მნიშვნელოვანი ბიუროკრატიული მიზეზი, რომ ზემოთ ხსენებული ოპერაცია პანამაში მდებარე მყვინთავთა სკოლის კურსდამთავრებულებისთვის მიენდოთ. მყვინთავები იყვნენ მხოლოდ საზღვაო ძალები და არა ამერიკის სპეციალური ოპერაციების სარდლობის წევრები, რომელთა ფარული ოპერაციების შესახებაც უნდა ეცნობოს კონგრესს, ამასთანავე, წინასწარ მიეწოდოს ინფორმაცია სენატისა და წარმომადგენელთა პალატის ხელმძღვანელობას. ბაიდენის ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა, რათა თავიდან აეცილებინა ინფორმაციის გაჟონვა, რადგან ოპერაციის დაგეგმვა 2021 წლის ბოლოსა და 2022 წლის დასაწყისში მიმდინარეობდა. პრეზიდენტი ბაიდენი და მისი საგარეო პოლიტიკის გუნდი, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯეიკ სალივანი, სახელმწიფო მდივანი ტონი ბლინკენი და სახელმწიფო მდივნის თანაშემწე პოლიტიკის საკითხებში, ვიქტორია ნულანდი ღიად და თანმიმდევრულად გამოხატავდნენ თავიანთ მტრობას ამ მილსადენების მიმართ, რომლებიც ბალტიის ზღვაში, მხარდამხარ, 750 მილის მანძილზე გადიოდნენ.

ჰერშის განმარტებით, „ჩრდილოეთის ნაკადი – 1“ ვაშინგტონისა და ანტირუსული განწყობის მქონე მისი პარტნიორების მიერ დასავლეთის დომინირებისთვის საფრთხედ აღიქმებოდა. ამ პროექტის უკან იდგა ჰოლდინგი Nord Stream AG, რომელიც 2005 წელს, „გაზპრომთან“ პარტნიორობით, შვეიცარიაში დარეგისტრირდა. სწორედ პუტინის მორჩილი ოლიგარქების კომპანია უკანასკნელი აკონტროლებდა ჰოლდინგის აქციების 51%-ს, ხოლო ოთხი ევროპული ენერგეტიკული კომპანია – ერთი საფრანგეთში, ერთი ნიდერლანდებში და ორი გერმანიაში – აქციების დარჩენილ 49%-ს იზიარებდნენ. „გაზპრომის“ მოგება რუსეთის მთავრობასთან ნაწილდებოდა და როგორც ამბობენ, გაზისა და ნავთობის შემოსავალი რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთის წლიური ბიუჯეტის 45%-ს შეადგენდა.

ჟურნალისტის განმარტებით, ამერიკის პოლიტიკური შიშები რეალური იყო: პუტინს ახლა ექნებოდა დამატებითი და საჭირო ძირითადი შემოსავლის წყარო, გერმანიასა და დანარჩენ დასავლეთ ევროპას ექნებოდათ იაფი რუსული ბუნებრივი აირი, ხოლო ევროპის დამოკიდებულება ამერიკაზე შემცირდებოდა. სინამდვილეში, ეს არის ზუსტად ის, რაც მოხდა. ბევრი გერმანელი „ჩრდილოეთის ნაკადი- 1“-ს ყოფილი კანცლერის, ვილი ბრანდტის აღმოსავლეთის პოლიტიკის თეორიის ნაწილად განიხილავდა. აღნიშნული მოსაზრების თანახმად, ეს პროექტი საშუალებას მისცემდა გერმანიას, ომის შემდგომ თვითრეაბილიტაცია განეცადა. იგივე შანსი მიეცემოდათ მეორე მსოფლიო ომის დროს განადგურებული ევროპის სხვა ქვეყნებს, რომლებიც აღნიშნული მიმართულებით ერთ-ერთ მეთოდად იაფ რუსულ გაზს გამოიყენებდნენ.

ნორვეგია – იდეალური ადგილი მისიისთვის

სეიმურ ჰერშის თქმით, აღმოსავლეთ-დასავლეთის კრიზისის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, აშშ-ის არმიამ მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი მასშტაბები ნორვეგიაში, რომლის დასავლეთი საზღვარი 1400 მილის მანძილზე ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილის გასწვრივ გადის და რუსეთს უერთდება. ასობით მილიონი დოლარის ინვესტიციით, პენტაგონმა შექმნა მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები და კონტრაქტები ნორვეგიაში აშშ-ის საზღვაო და საჰაერო ძალების ობიექტების მოდერნიზაციისა და გაფართოებისთვის. აღნიშნული ინიციატივა მოიცავდა სინთეზური დიაფრაგმის რადარს ჩრდილოეთით, რომელსაც რუსეთის სიღრმეში შეეძლო შეღწევა. მან მოქმედება დაიწყო ზუსტად მაშინ, როდესაც აშშ-ის სადაზვერვო სამსახურმა ჩინეთში მდებარე შორი მანძილის მოსასმენ სადგურებზე წვდომა დაკარგა.

ჰერშის თქმით, ნორვეგიაში მომუშავე ამერიკელები ფიქრობდნენ, როგორ შეესრულებინათ ბაიდენის ბრძანება და დისტანციურად როგორ აეფეთქებინათ C4 ასაფეთქებელი ნივთიერება. ეს ბევრად უფრო საპასუხისმგებლო ამოცანა იყო, ვიდრე ამას ვაშინგტონი წარმოიდგენდა. ნორვეგიაში მყოფმა გუნდმა არ იცოდა, როდის დააჭერდა პრეზიდენტი ღილაკს – რამდენიმე კვირაში, ექვს თვეში თუ უფრო გვიან?

გამომძიებელი ჟურნალისტის თქმით, 2022 წლის 26 სექტემბერს, ნორვეგიის საზღვაო ძალების სადაზვერვო თვითმფრინავმა P8-მ, ერთი შეხედვით, რუტინული ფრენა შეასრულა და ჰიდროაკუსტიკური ბუი ჩამოაგდო. სიგნალი გავრცელდა წყალქვეშ, ჯერ – „ჩრდილოეთის ნაკად – 2“-ზე, შემდეგ კი – „ჩრდილოეთის ნაკად -1“-ზე. რამდენიმე საათის შემდეგ, მძლავრი C4 ასაფეთქებელი ნივთიერება ააფეთქეს და ოთხი მილსადენიდან სამი მწყობრიდან გამოვიდა. რამდენიმე წუთის შემდეგ, დახურულ მილსადენებში დარჩენილი მეთანის გაზის გუბეები წყლის ზედაპირზე ამოვიდა და მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ რაღაც შეუქცევადი მოხდა.

ჰერშის თქმით, მილსადენის აფეთქებისთანავე, ამერიკულმა მედიამ ეს ფაქტი ამოუხსნელ საიდუმლოდ მიიღო. რუსეთი არაერთხელ იქნა მოხსენიებული, როგორც სავარაუდო დამნაშავე, რომელსაც თეთრი სახლიდან გაჟონილი ინფორმაცია დაეხმარა. თუმცა ასეთი თვითსაბოტაჟის აშკარა მოტივი არავის დაუსახელებია და ყველაფერი უბრალო შურისძიების დონეზე დარჩა. რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც გაირკვა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ფარულად მოიპოვა მილსადენის შეკეთების ღირებულების გაანგარიშება, New York Times-მა დაწერა, რომ „ეს ართულებდა თეორიებს იმის შესახებ, თუ ვინ იდგა“ თავდასხმის უკან. ჰერშის თქმით, არცერთ მთავარ ამერიკულ გაზეთს არ გამოუკვლევია ბაიდენისა და სახელმწიფო მდივნის მოადგილე ნულანდის მიერ მილსადენების მისამართით გაჟღერებული ადრინდელი მუქარები. ცოტა ხნის წინ, ვიქტორია ნულანდმა მილსადენების თემის დახურვით გამოწვეული კმაყოფილება გამოხატა. იანვრის ბოლოს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე გამოსვლისას მან სენატორ ტედ კრუზს უთხრა: „როგორც თქვენ, მეც ვფიქრობ, ადმინისტრაცია მოხარულია გაიგოს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი – 2“ ახლა უკვე არის, როგორც თქვენ გიყვართ თქმა, ლითონის ნაჭერი ზღვის ფსკერზე“.

როგორც სეიმურ ჰერშს წყარომ უთხრა: „ეს მშვენიერი გადასაფარი ისტორია იყო. ამის უკან იდგა ფარული ოპერაცია, რომელშიც ჩართული იყვნენ აღნიშნული სფეროს სპეციალისტები და აღჭურვილობა, რაც ფარულ სიგნალზე მუშაობდა“.

წყარო: imedinews.ge