გერმანიის ქარის ელექტროენერგიის სექტორი დაბრკოლებას აწყდება: მშენებლებს ქვეყნის გზებზე მძიმე ტურბინების გადასატანად ნებართვები სჭირდებათ, რომლის მიღებასაც თვეობით ელოდებიან. ამის შესახებ Francis Maguire იუწყება.
ნებართვაზე ამ დროისთვის 15000-მდე განაცხადია წარდგენილი. კომპანიები ამბობენ, რომ მათი პროექტები მნიშვნელოვნადაა შეფერხებული.
მათი თქმით, ძირითადი კომპონენტების შენახვის ხარჯები მილიონებს აღწევს, ხოლო ნებართვები ახლა ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე ადრე იყო.
სატრანსპორტო ნებართვები ხიდებსა და მაგისტრალებზე მძიმე ტვირთის გადასაადგილებლადაა საჭირო. ხანდახან საჭირო ხდება ზოგიერთი კონსტრუქციისა და საგზაო ნიშნების დემონტაჟი, ზოგიერთი ტვირთისთვის კი პოლიციის ესკორტია საჭირო. ამასთან, გარკვეული ტვირთის ტრანსპორტირება მხოლოდ ღამითაა დასაშვები.
გერმანია მიზნად ისახავს 2030 წლისთვის ელექტროენერგიის 80% განახლებადი წყაროებიდან მიიღოს, საიდანაც დიდი ნაწილი სწორედ ქარის ენერგიიდან იქნება მიღებული.
შედეგად, ქვეყნის მთავრობაზე გარკვეული ზეწოლაა - რათა დააჩქაროს პროცესები.
არსებული მონაცემებით, გერმანიაში თითოეული ნებართვის დამუშავებას სამ თვემდე დასჭირდება. შედარებისთვის, ამ პროცესს ნიდერლანდებში საშუალოდ, ორი-სამი კვირა სჭირდება, დაახლოებით 10 დღე - დანიაში.
მთავრობის მფლობელობაში მყოფმა კომპანია Autobahn-მა განაცხადა, რომ პროცესის დასაჩქარებლად ყველაფერს აკეთებს. ამასთან, კომპანია ხაზს უსვამს რომ, ტრანსპორტირების უზრუნველყოფის პროცესს ტურბინების არაჩვეულებრივი სიგრძის გამო, დიდი დრო სჭირდება.
მათივე განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით, სტანდარტიზებული და მეტწილად ავტომატიზებული პროცესი წლის ბოლომდე დაინერგება.