ჩეხური კომპანია Photomate Eurasia-ის ტექნიკური დირექტორის, ლევან ბოსტიაშვილის ინფორმაციით, კომპანია მომხმარებლებს მზის ენერგიის ინვერტორებს, ელექტროენერგიის შემნახველ ბატარეებს და მზის პანელებს სთავაზობს. როგორც ლევან ბოსტიაშვილი გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" აღნიშნავს, მზის კომერციული და საყოფაცხოვრებო მოხმარების ინვერტორებზე მოთხოვნა სამომავლოდ ცოტა შემცირდება.
მისივე თქმით, საქართველოში პირველი დიდი სიმძლავრის ელექტროსადგური ძალიან მალე, კერძოდ, წლის ბოლომდე გაეშვება.
"რეგიონალური ოფისი 23-მდე ქვეყანაში გვაქვს. საქართველოს და კავკასიის ბაზარზე 2020 წლიდან ვმუშაობთ. მზის ენერგიის მოხმარების ტენდენცია დღემდე ნარჩუნდება. იცით, რომ სემეკის მიერ ახალი რეგულაციაა მიღებული - ნეტო აღრიცხვა ნეტო დარიცხვით ჩანაცვლდა, შესაბამისად, ვვარაუდობთ, რომ კომერციული და საყოფაცხოვრებო მოხმარების ინვერტორებზე მოთხოვნა ცოტა შემცირდება.
დიდი სიმძლავრის ელექტროსადგურებზე, სხვადასხვა, კომპანიებისგან და დეველოპერებისგან მოთხოვნა გაიზარდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან მალე საქართველოში პირველი დიდი სიმძლავრის ელექტროსადგური გაეშვება, რომელმაც მონაწილეობა პირველ აუქციონში მიიღო და გაიმარჯვა, მათთან უკვე ხელშეკრულება გავაფორმეთ და პროდუქტსაც მალე მივაწვდით, ამ წლის ბოლომდე, იგეგმება აღნიშნული სადგური ექსპლუატაციაში გაეშვას.
ტრასპორტირების მიმართულებითაც მინდა ვისაუბრო - დრო ცოტა გაიზარდა, პროდუქტს 60-დან 80 დღემდე სჭირდება, რომ ჩინეთიდან საქართველოში ჩამოვიდეს. გარდა ამისა, რკინიგზა ძალიან კარგი საშუალებაა, რომელსაც ძირითადად ფოტო-ვოლტური მოდულების ტრანსპორტირებისთვის ვიყენებთ. ამასთან, პერიოდებს გააჩნია, ანუ რკინიგზაზე თავად რა მოთხოვნაა, თუმცა ჩინეთიდან საქართველოში ტრანსპორტირება, დაახლოებით 4 კვირიდან 8 კვირამდე მერყეობს", - აღნიშნავს ლევან ბოსტიაშვილი.
ცნობისთვის, Photomate Eurasia ჩეხური კომპანიაა, რომელიც 2008 წლიდან მზის ენერგიის ინვერტორების ბიზნესშია. ამჟამად 23-მდე ქვეყანაში მუშაობს, ხოლო 13-მდე ქვეყანაში რეგიონალური ოფისი აქვს. ამასთან, საქართველოს და კავკასიის ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს.
bp.ge