საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში ჩინურ Huawei Technologies-სთან თანამშრომლობა განიხილება - ენერგეტიკული ორგანიზაციების წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ჩინეთში, ქალაქებში შანხაისა და შენჟენში იმყოფებოდნენ.

ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის ცნობით, ვიზიტი განხორციელდა მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნიკური კომპანიის Huawei Technologies-ის ორგანიზებით.

“ჩინური გლობალური კომპანიის საქმიანობა სატელეკომუნიკაციო ქსელების გამართვას, ოპერაციულ და საკონსულტაციო მომსახურებას, ტექნიკური აღჭურვილობისა და საკომუნიკაციო მექანიზმების წარმოებას უკავშირდება. ვიზიტის მიზანს ქართული მხარისთვის Huawei Technologies Co.,Ltd-ს მიერ ენერგეტიკის მიმართულებით შემუშავებული ინოვაციების, სექტორის უახლესი ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვის შესაძლებლობების, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალი, საიმედო მექანიზმების, განახლებადი ენერგიების წარმოებული ელექტროენერგიის შემნახველი უახლესი ტექნოლოგიების წარდგენა და შესაბამისი კონსულტაციები წარმოადგენდა.

ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში განხორციელებულმა შეხვედრებმა, ინოვაციების გაცნობამ, საქართველოს ენერგეტიკულ სექტორსა და გლობალურ ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანიას შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები გამოკვეთა” - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ესკოს გენერალურ დირექტორთან ერთად, ჩინეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ხელმძღვანელები და მენეჯმენტის წარმომადგენლები.