შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევასთან დაკავშირებით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ თბილისსა და ზუგდიდში წინასაპროექტო დოკუმენტაციის საჯარო განხილვები გამართა.

სსე-ს ინფორმაციით, შეხვედრებს დაესწრნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, კერძო სექტორის, სამეცნიერო, საგანმანათლებლო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საჯარო განხილვებზე პრეზენტაციები წარადგინეს სსე-ის წარმომადგენლებმა და იტალიური საკონსულტაციო კომპანიის CESI ექსპერტებმა. პროექტის ზოგად მიმოხილვასთან ერთად,  საუბარი შეეხო შავი ზღვის ფსკერის კვლევებისთვის დაგეგმილ მეთოდოლოგიებს, გარემოსა და სოციალურ საკითხებზე ზემოქმედების ტექნიკურ დავალებებსა და სხვა საკითხებს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

მსოფლიო ბანკის დაფინანსებით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას 2022 წლიდან ახორციელებს. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ითვალისწინებს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ქსელის მოწყობას, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები.