მრავალბინიანი საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, ცვლილებები განხორციელდა ,,ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“.
ცვლილებების თანახმად, მიუხედავად იმისა თუ ვინ არის ცენტრალური გათბობის მფლობელ მომხმარებლად რეგისტრირებული (ფიზიკური, იურიდიული პირი, თუ ამხანაგობა), საყოფაცხოვრებო ტარიფი დაერიცხება მოხმარებული გაზის იმ ოდენობას, რომელიც გამოყენებულ იქნება საყოფაცხოვრებო მიზნით. შედეგად, ცენტრალური გათბობის მფლობელ მოხმარებელს მოხმარებული ბუნებრივი გაზის გადასახადი დაერიცხება ამ ცენტრალური გათბობით მოსარგებლე პირთა საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მიზნით სარგებლობის წილის შესაბამისად.
საყოფაცხოვრებო მიზნით მოხმარებული ბუნებრივი გაზის წილის დასადგენად, საჭიროა:
- ცენტრალური გათბობით მოსარგებლე პირთა თბოენერგიის (ცხელი წყლისა და გათბობის) მოხმარება აღირიცხებოდეს ინდივიდუალური ჭკვიანი მრიცხველების საშუალებით;
- ცენტრალური გათბობის სისტემა სარგებლობდეს განახლებადი ან/და ალტერნატიული წყაროთი გაზზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით.
სემეკში აცხადებენ, რომ ცენტრალური გათბობით მოსარგებლე საყოფაცხოვრებო მომხმარებელი მიიღებს სხვადასხვა სარგებელს, მათ შორის:
- შემცირებული გადასახადი ბუნებრივ გაზზე (გათბობასა და ცხელ წყალზე დანახარჯების შემცირება);
- ბინაში ინდივიდუალური ქვაბის მოხმარებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების რისკების (ტექნიკური გაუმართაობა და სხვა) არიდება და საექსპლუატაციო ხარჯების შემცირება;
- გათბობასა და ცხელ წყალზე განახლებადი ენერგიით (მზის, გეოთერმული, ბიო ენერგიის და სხვა) სარგებლობის შესაძლებლობა;
- ცენტრალური გათბობის სისტემის მარგი ქმედების მაღალი კოეფიციენტით სარგებლობა.
○ ასევე შესაძლებელი გახდება ნამწვი აირების გაფრქვევის შემცირება და კონტროლი.