იემენის წითელი ზღვის პორტში ძველი, დაშლილი ტანკერიდან ნავთობს ახალ ხომალდზე გადატვირთავენ.
პორტ ჰოდეიდაში ძველის შემცვლელი ნავთობტანკერი The Nautica უკვე შევიდა. მას დაშლილი ტანკერიდან FSO Safer-დან ნედლი ნავთობის გადასატვირთად ამზადებენ.
მოსალოდნელია, რომ კვირის ბოლომდე დაჟანგული FSO Safer-დან The Nautica-ში მილიონ ბარელზე მეტ ნედლ ნავთობს გადაიტანენ.
„პირველადი მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარებულია. FSO Safer ახლა სრულად სტაბილიზებულია და მზად არის ნავთობის გადასატანად. მიუხედავად იმისა, რომ გემის სტრუქტურა დაშლის პირასაა, მისი კორპუსი მაინც უსაფრთხოა, რაც ნიშნავს, რომ ნავთობის გადატანა შედარებით დაბალი რისკის ქვეშ იქნება“ - აცხადებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზიდენტი ჰუმანიტარული კოორდინატორი იემენში დევიდ გრესი.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია იემენს წლების განმავლობაში აფრთხილებდა, რომ FSO Safer-ი შეიძლება, ნებისმიერ დროს დაიშალოს ან აფეთქდეს. შედეგად, მას შეუძლია წითელ ზღვაში იმაზე ოთხჯერ მეტი ნავთობის ჩაღვრა, ვიდრე ეს 1989 წელს, ალასკის მახლობლად Exxon Valdez-ის კატასტროფამ გამოიწვია.
Safer 1976 წელს აშენდა, როგორც ნავთობის ტანკერი, 1987 წელს კი, მცურავ შემნახველ ობიექტად გადაკეთდა. აღნიშნული შემნახველი ტანკერი იემენის სანაპიროზე 1988 წლიდან დგას. თუმცა, ბორტის მოვლის ტექნიკური სამუშაოები 2015 წლიდან შეჩერებულია ქვეყანაში სამოქალაქო ომის გამო.
ტანკერში სავარაუდოდ, 1,14 მლნ ბარელი ნედლი ნავთობი ინახება. ექსპერტების შეფასებით, ის დაიშალა იმ დონემდე, რომ არსებობს მისი აფეთქების ან დაშლის რისკი, რაც გამოიწვევს დამღუპველ გარემოსდაცვით და ჰუმანიტარულ გავლენას რეგიონზე.