ინდური Tata Group ბრიტანეთში ელექტრომობილების ელემენტების ქარხანას ააშენებს. შედეგად, ჯგუფს შესაძლებლობა ექნება ელემენტებით თავისი Jaguar Land Rover-ის ქარხნები მოამარაგოს, რაც დიდ სტიმულს მისცემს ავტომობილების საკუთარ ინდუსტრიას, რომელსაც ელემენტების შიდა წარმოება ესაჭიროება.
ბრიტანეთის მთავრობის და Tata-ს გამოცხადებული გეგმის მიხედვით, კომპანია თავის პირველ გიგაქარხანას ინდოეთის ფარგლებს გარეთ, ბრიტანეთში, 4 მლრდ ფუნტის ინვესტიციით (5,2 მილიარდი აშშ დოლარი) ააშენებს, შექმნის 4000-მდე სამუშაო ადგილს და აწარმოებს ელემენტებს საწყისი სიმძლავრით 40 გიგავატ საათი.
პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკის მთავრობა არ აკონკრეტებს, თუ რა მოცულობის ფინანსურ მხარდაჭერას დაჰპირდა ინვესტიციის სანაცვლოდ Tata-ს და როგორ გაუმკლავდა ესპანეთს, რომელიც ასევე ლობირებდა პროექტის განხორციელებას. BBC-მ განაცხადა, რომ მთავრობა Tata Group-ს ასობით მილიონი ფუნტის ღირებულების სუბსიდიებს გაუწევს.
„ჩვენ დისკუსია გვაქვს უამრავ კომპანიასთან და კონკურენციას ვუწევთ მსოფლიოს ქვეყნებს ასეთ დიდ ინვესტიციებში. ეს არის ინდუსტრიები, რომლებიც ყველაზე სწრაფად განვითარდებიან ამ საუკუნეში და რა თქმა უნდა, ელექტრომანქანები ერთ-ერთია ამ ინდუსტრიებს შორის. ჩვენ გვყავს ძალიან გამოცდილი მუშახელი, გვაქვს ბრწყინვალე უნივერსიტეტები და გვაქვს რამდენიმე ყველაზე პროდუქტიული ავტომობილების ქარხანა ევროპაში“ - აცხადებს ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი ჯერემი ჰანტი.
ელექტრო მანქანების (EV) ელემენტების გიგაქარხნების მშენებლობაში დიდი ბრიტანეთი ევროპელ კონკურენტებს ჩამორჩება. ევროკავშირის მასშტაბით, დაგეგმილია ან მშენებარე ეტაპზეა 30-ზე მეტი გიგაქარხანა. ბრიტანეთში ამჟამად მხოლოდ ერთი, Nissan-ის მცირე ქარხანაა.