ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით, ელექტროენერგიის წარმოება კვლავ, დიდწილად, რეგულირდება 2027 წლამდე.

2024 წლის 1 მაისიდან კი, 75 მეგავატზე ნაკლები სიმძლავრის ჰესების დერეგულაცია ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს.

ჰიდროელექტროსადგურები, რომელთა ტარიფსაც სემეკი ადგენდა, გავლენ თავისუფალ ბაზარზე და ელექტროენერგიას საბაზრო ფასის მიხედვით გაყიდიან.

როგორც სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია „ენერგონიუსთან“ განმარტავს, ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს მთავრობის მიერ დადგენილი ბაზრის კონცეფციის მიხედვით.

„ბაზრის გახსნა გულისხმობს, მათ შორის, ენერგეტიკული ობიექტების დერეგულირებასაც, ანუ ეტაპობრივად, ჰიდროელექტროსადგურები, რომელთა ტარიფსაც ადგენდა სემეკი, გავლენ თავისუფალ ბაზარზე და ნაცვლად სემეკის მიერ დადგენილი ტარიფებისა, ისინი ელექტროენერგიას საბაზრო ტარიფების მიხედვით გაყიდიან, ანუ მოთხოვნა-მიწოდებას დაექვემდებარება მათი ფასები. რამდენიმე საშუალო და მსხვილი ჰიდროელექტროსადგური გასულია უკვე თავისუფალ ბაზარზე, ისინი დერეგულირებული გახდნენ და ეს პროცესი გაგრძელდება“ - აცხადებს დავით ნარმანია.

მისი განმარტებით, ჰიდროელექტროსადგურებისთვის ეს დადებითი პროცესია.

"ადრე თუ მათ ჰქონდათ ჩვენს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფი წლის ყოველი პერიოდისთვის, ისინი ენერგიას გაყიდიან უკვე საბაზრო ფასის მიხედვით. ეტაპობრივი დერეგულირება მიმდინარეობს ბაზრის გახსნამდეც და ბაზრის გახსნის შემდეგაც გაგრძელდება.

რაც მეტი გენერაციის ობიექტი იქნება ბაზარზე წარმოდგენილი ენერგიის გამყიდველის სახით, რა თქმა უნდა, მით უფრო ლიკვიდური იქნება ბაზარი, ანუ, მით უფრო მეტი ობიექტი შეძლებს ელექტროენერგიის გაყიდვას საბაზრო ფასად“ - ამბობს დავით ნარმანია „ენერგონიუსთან“.