წელს აზერბაიჯანი განახორციელებს 24 მლნ ტონა საწვავის ექსპორტს და ეს მოცულობა მთლიანად გაივლის საქართველოზე - ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრმა ელნურ სულტანოვმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.
დისკუსიაში „ენერგეტიკის დივერსიფიკაცია - გზა ენერგოუსაფრთხოებისკენ“ საქართველოს, უნგრეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის მთავრობის წარმომადგენლები და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მონაწილეობენ.
„საქართველოს და აზერბაიჯანს არაჩვეულებრივი დამოკიდებულება გვაქვს, რაც შეიძლება, სხვებისთვის კარგი მაგალითი იყოს იმისა, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს სამაგალითო პარტნიორობა.
აზერბაიჯანის ენერგეტიკული გზა იწყება ნავთობით, 19-ე საუკუნიდან, როდესაც პირველი ინდუსტრიული ნავთობის სატუმბი დამონტაჟდა. პირველი ნავთობსადენი ბაქოდან სწორედ ბათუმისკენ, შავი ზღვის მიმართულებით მოემართებოდა.
მას შემდეგ, რაც ჩვენ აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა, დაიწყო ბაქო-სუფსის პროექტი, ნავთობსადენი. თავისთავად, ამ პროექტების წარმატება სხვადასხვა ჩართულ მხარეს შორის თანამშრომლობის შედეგია. წელს, აზერბაიჯანი განახორციელებს 24 მლნ ტონა საწვავის ექსპორტს და ყველა საქართველოს ნავთობსადენს გაივლის.
20-ე საუკუნიდან, ნავთობის ისტორია ბუნებრივი აირით, ე.წ. სამხრეთ კავკასიის ნავთობხაზით გრძელდება. წელს უკვე გვაქვს გეგმა 25 მილიარდი კუბური მეტი გაზის ექსპორტი განვახორციელოთ საქართველოს გავლით თურქეთში, თურქეთიდან - საბერძნეთში, საბერძნეთიდან - საბოლოო მიმღებებამდე. სავარაუდოდ, ეს მიწოდება გავრცელდება უნგრეთზეც“ - განაცხადა ელნურ სულტანოვმა.