საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2023 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში მოიცავს  ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორების ძირითად ასპექტებს, რეგულირების განვითარების მიზნით განხორციელებულ პროექტებსა და სემეკის საქმიანობის მიმართულებების მიმოხილვას.

დოკუმენტის მიხედვით, 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში წყალმომარაგების სექტორში ოპერირებს წყალმომარაგების 8 ლიცენზიატი.

„სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა შეადგენს 3,736,357 ადამიანს. მოსახლეობის 69%-ის (2,578,404 ადამიანი) სასმელი წყლით წყალმომარაგებას უზრუნველყოფს წყალმომარაგების ლიცენზიატი კომპანიები, ხოლო 31%-ის (1,157,953 ადამიანი) წყალმომარაგებით უზრუნველყოფა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების ვალდებულებას წარმოადგენს 21 . ჯამში მომხმარებელთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით გაიზარდა 3.92%-ით, რაც შეადგენს 46,639 აბონენტს“. - აღნიშნულია სემეკის მიერ გამოქვეყნებულ წლიურ ანგარიშში.

ამასთან, წყალმომარაგების სექტორში მოქმედი ლიცენზიატებიდან 1 წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საწარმოს, 5 – მუნიციპალურს და 2 – კერძო საკუთრებაში არსებულს.

უნდა აღინიშნოს, რომ კომისია მუდმივ რეჟიმში ახორციელებს წყალმომარაგების ლიცენზიატი საწარმოების სალიცენზიო პირობების შესრულების მონიტორინგს, რომელიც ხორციელდება სხვადასხვა საშუალებით, მათ შორის, ლიცენზიატთა მიერ კომისიაში წარმოდგენილი ანგარიშგების ფორმების საფუძველზე.

სწორედ ამ კუთხით, გასულ წელს სემეკმა წყალმომარაგების სისტემის არასათანადო ექსპლუატაციისა და კანონითა და კანონქვემდებარე აქტებით მინიჭებული ვალდებულებების დარღვევის გამო შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დაჯარიმდა 75,000 ლარის ოდენობით.

ამასთან, კომისიამ შეისწავლა შპს „რუსთავის წყლის“ მიერ განხილული „წყალმომარაგების სისტემაზე ორი ან ორზე მეტი ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ“ განაცხადები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ რიგ შემთხვევებში კომპანია მოქმედებდა წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსაბამოდ, რის გამოც შპს „რუსთავის წყალი“ დაჯარიმდა 40,000 ლარის ოდენობით.