საქართველო 2017 წლიდან energy community-ის წევრია. აღნიშნული წევრობისა და შემდგომში თანამშრომლობის ძირითადი მიზანია, ენერგეტიკულ სექტორში საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია. ასევე ქვეყანაში ენერგოეფექტურობის ზრდა და ენერგეტიკული ბაზრის გახსნა, რაც საბოლოო ჯამში კონკურენციას სექტორში კიდევ უფრო ავითარებს. Energynews-ის დაინტერესდა იმით თუ რა პროგრესი აქვს ქვეყანას უკანასკნელი წლების განმავლობაში ენერგეტიკულ გაერთიანებაში წევრობის ფონზე. როგორც საქართველოში ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სალომე ჯანელიძე აცხადებს, 2017 წლიდან დღემდე საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიმართულებით. მისივე თქმით, გარკვეული გამოწვევები კვლავ არსებობს, რომელთა დაძლევის შესაძლებლობაც საქართველოს გააჩნია.
პირველ რიგში თქვენი შეფასებაა საინტერესო Energy community-ის წევრობასთან დაკავშირებით. რა სარგებელსა და შესაძლებლობას აძლევს საქართველოს აღნიშნულ ორგანიზაციაში წევრობა?
„ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, საქართველოს ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება გარდამტეხი მომენტი იყო. ორგანიზაციის წევრობა საშუალებას გვაძლევს, ენერგეტიკის მარეგულირებელი ჩარჩო შესაბამისობაში მოვიყვანოთ ევროპულ პრინციპებთან და გავატაროთ მასშტაბური რეფორმები ენერგეტიკის სექტორში, რომლებიც გაზრდის სექტორის ეფექტიანობას, გააუმჯობესებს მარეგულირებელ სტანდარტებს და ევროპულ ენერგეტიკულ სისტემასთან უშუალო დაკავშირების შემთხვევაში, დაგვეხმარება ერთიან ენერგეტიკულ ბაზართან ჰარმონიზაციაში. ენერგეტიკული გაერთიანების წევრობა ასევე გვაძლევს შესაძლებლობას, ვისარგებლოთ სხვადასხვა სახის ტექნიკური დახმარებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმების განხორციელების პროცესში.
ევროპულ ენერგეტიკულ პრინციპების გადმოტანა ხაზს უსვამს საქართველოს სურვილს, ენერგეტიკული სექტორი იყოს გამჭვირვალე, კონკურენტული და სტაბილური, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ინვესტორებისა და საერთაშორისო პარტნიორების ნდობას სექტორისადმი. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე სწორედ ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესისა და პოტენციალის მაჩვენებელია“.
საქართველო 2017 წლიდან Energy Community-ის წევრია. 2017 წლიდან დღემდე როგორ ფიქრობთ რამდენად სწრაფად დგამს ქვეყანა ნაბიჯებს ენერგეტიკის სექტორში არსებული კანონმდებლობის ევროპასთან ჰარმონიზაციის კუთხით?
„2017 წელს საქართველოს ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებიდან დღემდე ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ენერგეტიკული დარგის მარეგულირებელი კანონმდებლობის ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით. დარგში არაერთი ცვლილება განხორციელდა, მათ შორის, მივიღეთ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრების მარეგულირებელი ახალი საკანონმდებლო ჩარჩო, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ბაზრების გახსნასა და კონკურენციას და, ამავდროულად, უზრუნველყოს მომხმარებელთა უფლებების დაცვა. ელექტროენერგიის სექტორში წარმატებით განხორციელდა გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების განცალკევება და გაიხსნა საცალო ბაზარი. მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული ენერგოეფექტურობისა და მწვანე ენერგიის ხელშეწყობის მიმართულებითაც, სადაც განახლებადი ენერგიის სიმძლავრის აუქციონების დანერგვით შეიქმნა წახალისების კონკურენტული და გამჭვირვალე მექანიზმი.
ამასთანავე, მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, გარკვეული დაყოვნებაც არის სახეზე. ასეთია, მაგალითად, გადამცემი სისტემის ოპერატორების განცალკევება, ელექტროენერგიის ორგანიზებული ბაზრებისა და ბუნებრივი გაზის ბირჟის გახსნა. შესაბამისად, საჭიროა დამატებითი ძალისხმევა, რათა საქართველომ უმოკლეს ვადებში შეძლოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის დასრულება და ენერგეტიკული გაერთიანების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების სრულყოფილად შესრულება“.
ამ ეტაპზე ძირითადად რა მიმართულებების გაუმჯობესებაზე მუშაობს საქართველო ჰარმონიზაციის გზაზე?
„ამ ეტაპზე განსაკუთრებულად პრიორიტეტული ელექტროენერგიის დღით ადრე, დღიური და საბალანსო ბაზრების გახსნაა. ეს აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, რომ ჩვენი ბაზრები გახდეს უფრო ეფექტიანი და კონკურენტული. გარდა ამისა, რეფორმები მიმდინარეობს ბუნებრივი გაზის სექტორშიც. ეს მოიცავს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების განცალკევებასა და ბუნებრივი გაზის ბირჟის შექმნას. ამავდროულად, საქართველო აქტიურად მუშაობს როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემების ოპერატორების განცალკევებაზე.
ახლო პერიოდში ასევე ველოდებით ცვლილებებს განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში, რაც უზრუნველყოფს ე.წ. „სუფთა ენერგიის პაკეტის“ მოთხოვნათა ნაწილის ასახვას ეროვნულ კანონმდებლობაში და ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს განახლებადი ენერგიის პოტენციალის ათვისებას, ისე - ენერგიის დაზოგვის ღონისძიებების განხორციელებას. გარდა ამისა, ე.წ. „ელექტროენერგიის ინტეგრაციის პაკეტის“ ტრანსპოზიციისთვის საკანონმდებლო ცვლილებები მზადდება EU4Energy Governance პროექტის მხარდაჭერით.
ასევე პრიორიტეტულია ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული გეგმის დროული მიღება, ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით. დოკუმენტი ასახავს საქართველოს სტრატეგიულ ხედვას ენერგეტიკისა და კლიმატის პოლიტიკასთან მიმართებით და ხაზს უსვამს ქვეყნის მზაობას, განახორციელოს მნიშვნელოვანი ქმედებები ენერგეტიკული ტრანზიციისთვის“.
თქვენი შეფასებით, რა პერიოდია საჭირო იმისათვის რათა ენერგეტიკის სექტორში ჩვენი კანონმდებლობა დაუახლოვდეს ევროკავშირის კანონმდებლობას?
„საქართველოს ენერგეტიკული სექტორის მარეგულირებელი კანონმდებლობის ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობასთან სრულყოფილი შესაბამისობისთვის საჭირო ვადის შეფასება კომპლექსური საკითხია, რომელიც დამოკიდებულია სხვადასხვა კრიტიკულ ფაქტორზე, მათ შორის, საკანონმდებლო რეფორმების სისწრაფესა და ეფექტიანობაზე, ადამიანური რესურსების ხელმისაწვდომობასა ახალი მარეგულირებელი ჩარჩოების ეფექტიანად დანერგვის შესაძლებლობებზე.
ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში ყოფნა მოითხოვს განგრძობად ძალისხმევასა და ადაპტაციას. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჰარმონიზაცია არ გულისხმობს მხოლოდ კანონების მიღებას, არამედ ასევე - მათ ეფექტიან აღსრულებასაც“.
როგორც ცნობილია, რეფორმების გზაზე Energy Community სემეკს ენერგეტიკული რეფორმის განხორციელებაში ტექნიკურ დახმარებას უწევს. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჩვენთვის და უნდა ველოდოთ თუ არა სხვა ტიპის დახმარებებსაც?
„ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისთვის გაწეული ტექნიკური დახმარება, მათ შორის, EU4Energy Governance პროექტის ფარგლებში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყანაში ენერგეტიკული რეფორმების განხორციელებაში. დახმარების ერთ-ერთი ბოლოდროინდელი მიმართულება იყო ენერგიის დაზოგვის რეკომენდაციების შემუშავება. ეს რეკომენდაციები მნიშვნელოვანია მომხმარებლებს შორის ენერგოეფექტურობისა და მდგრადი მოხმარების ხელშეწყობისთვის და ენერგიის დაზოგვით მათ შეუძლიათ უშუალო წვლილი შეიტანონ ქვეყნის ენერგეტიკულ ტრანსფორმაციაში.
2024 წელს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო დამატებით მხარდაჭერას უზრუნველყოფს კომისიისთვის, მათ შორის, ისეთი მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავებაში, რომელიც ხელს შეუწყობს აქტიური მომხმარებლების, ე.წ. „პროსუმერების“ არსებობას. გარდა ამისა, კომისია და ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი მიიღებენ მხარდაჭერას განახლებადი ენერგიის წარმოშობის სერტიფიკატების გამჟღავნების წესებისა და ნარჩენი ნაზავის გაანგარიშების მეთოდოლოგიის შემუშავებაში, რაც ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის ბაზრის გამჭვირვალობასა და განახლებადი ენერგიის სერტიფიკატების სწორ გამოყენებას“.
ასევე ვისაუბროთ ენერგეტიკული ბაზრის გახსნასთან დაკავშირებითაც. რატომ გვიჭერს ამ კუთხით Energy Community მხარს და რა სარგებელს მოუტანს გახსნილი ბაზარი საქართველოს?
„ენერგეტიკული გაერთიანების მხარდაჭერა საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის გახსნაში ემყარება სწორედ იმ მრავალ უპირატესობას, რაც ახასიათებს თავისუფალ ბაზარს. ღია ენერგეტიკული ბაზარი გადამწყვეტია კონკურენციის არსებობისთვის, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ბაზრის ეფექტიანობას და მომხმარებლებისთვის გაუმჯობესებული ფასებისა და მომსახურების ხარისხის ხელმისაწვდომობას. თავისუფალი ბაზრები ასევე ხელს უწყობს ინოვაციას, რადგან კონკურენტულ გარემოში ენერგეტიკული კომპანიები უფრო მეტ ინვესტიციას დებენ ახალ ტექნოლოგიებში.
კონკურენტული ბაზრების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ენერგეტიკული უსაფრთხოება. თავისუფალი ბაზარი ამცირებს დამოკიდებულებას ერთ მიმწოდებელზე ან ენერგიის წყაროზე, რადგან ის ხელს უწყობს ბევრი მიმწოდებლის შემოსვლას ბაზარზე. გარდა ამისა, კონკურენტული ბაზრების არსებობა მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვისთვის, რადგან ასეთი ბაზრები მონაწილეებისთვის უზრუნველყოფს მეტ შესაძლებლობებსა და თანაბარ პირობებს“.
2024 წელი ENERGY COMMUNITY-ის რომელი მოთხოვნების შესრულებას დაეთმობა ძირითადად?
„მოსალოდნელია, რომ 2024 წელი, ენერგეტიკის სექტორში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გზაზე, ტრანსფორმაციული იქნება საქართველოსთვის. ყურადღება გამახვილდება ელექტროენერგიის ორგანიზებული ბაზრების გახსნასა და ბუნებრივი გაზის ბირჟის ამოქმედებაზე. გარდა ამისა, 2024 წელს ველოდებით როგორც ელექტროენერგიის, ისე ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემების ოპერატორების განცალკევებასა და სერტიფიცირებას.
საკანონმდებლო მიმართულებით, მოსალოდნელია, რომ საქართველო ახლო პერიოდში მიიღებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს ელექტროენერგიის ბაზრების, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის მარეგულირებელ ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელიც მოსალოდნელია 2024 წელს, ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული გეგმის დამტკიცებაა“. - აღნიშნა სალომე ჯანელიძემ.