20-22 ნოემბერს, 5 მარეგულირებელი უწყების ერთობლივი ორგანიზებით კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში, რომელიც მომხმარებელთა უფლებების დაცვას შეეხება, მონაწილეობას მიიღებენ: სემეკის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილე, გიორგი დიდებაშვილი; სემეკთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი, ნინო გულეიშვილი.
აქვე შეგახსენებთ, რომ კონფერენციის ფარგლებში, ხუთი მარეგულირებელი უწყების ხელმძღვანელი პირის მონაწილეობით პანელური დისკუსია გაიმართება, სადაც სექტორულ ჭრილში, საქართველოში კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღებულ შედეგებზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე იმსჯელებენ.
კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ ეკონომიკის რეგულირებად სექტორებში კონცენტრაციების კონტროლის მექანიზმებისა და აღსრულების პოლიტიკის, მომხმარებლის დაცვის ეფექტიან მიდგომებს. საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით იმსჯელებენ კარტელებთან ბრძოლის მეთოდებისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში ანტი-დემპინგური პოლიტიკის მართვის საკითხებზე.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის და მომხმარებელთა დაცვის უწყებების ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო ორგანიზაციების - გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD), ევროკომისიის კონკურენციის გენერალური დირექტორატის (DG-COMP), ევროკომისიის იუსტიციისა და მომხმარებელთა გენერალური დირექტორატის (DG-JUSTICE), კონკურენციის კვლევის პოლიტიკის ქსელის (CEPR) და გერმანიის მომხმარებელთა ორგანიზაციების ფედერაციის მაღალი რანგის წარმომადგენლები. ასევე, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, საჯარო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, აკადემიური წრის და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.
კონფერენციის მიზანია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება და მომხმარებლის უფლებების მექანიზმების გაუმჯობესება.