ბუნებრივი გაზის სექტორი ერთ-ერთია იმ მიმართულებებიდან, რომელსაც სემეკი არეგულირებს. სექტორის მნიშვნელობიდან გამომდინარე სემეკი წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობდა იმისათვის, რათა ბუნებრივი გაზის მიმართულებით არსებული ინფრასტრუქტურა და სამუშაო პროცესი მაქსიმალურად გამართული ყოფილიყო. აღნიშნული სამუშაოების ფონზე როგორც სემეკში აცხადებენ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში საქართველოში გაზიფიცირებული დასახლებული პუნქტების რაოდენობამ 1500-ს გადააჭარბა.

უნდა აღინიშნოს, რომ დღესდღეობით ბუნებრივი გაზის ბაზარზე ოპერირებს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების 1 და განაწილების 20 ლიცენზიატი. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედების შემდგომ მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა ბუნებრივი გაზის სფეროს მომწესრიგებელ ნორმებში, მათ შორის, შეიცვალა ლიცენზირებასთან დაკავშირებული საკითხებიც. ახალი კანონის თანახმად, ნაცვლად ორი ტიპის ლიცენზიისა, ბუნებრივი გაზის სექტორში კომისია გასცემს შემდეგი ხუთი სახის ლიცენზიას, მათ შორის:

  • ბუნებრივი გაზის გადაცემა;
  • ბუნებრივი გაზის განაწილება;
  • ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერირება;
  • გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობების ოპერირება;
  • ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერირება.

კომისიის მიერ ტრანსპორტირების გაცემულია ლიცენზია ერთადერთი ბუნებრივი გაზის შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ სახელზე, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახორციელებს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებას. დღესდღეობით ტრანსპორტირების სისტემას გააჩნია 5 მიღების პუნქტი, საიდანაც 1 წარმოადგენს ადგილობრივი მოპოვებიდან მიღების პუნქტს, ბუნებრივი გაზის მიწოდების უმთავრეს წყაროდ კი კვლავ აზერბაიჯანის რესპუბლიკა რჩება.

ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ საქართველოში ბუნებრივი გაზის ორგანიზებული ბაზარი არ არსებობს და ყიდვა-გაყიდვა საბითუმო ბაზარზე ხდება ორმხრივი ხელშეკრულებების მეშვეობით. სემეკის პოზიციის მიხედვით, ბუნებრივი გაზის ბაზრების მოწყობის ყველაზე სასურველი მოდელი საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ აღიარებული კონკურენტული ბაზრის მოდელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, ევროკავშირში არსებული ბუნებრივი გაზის ბაზრები წარმოადგენს მსოფლიოში ერთ ერთ ყველაზე ეფექტიან და ლიკვიდურ ბაზრებს, რაც ხელს უწყობს ბუნებრივი გაზით ვაჭრობის თანამედროვე მოდელების დანერგვას და, მეორე მხრივ, მათი დანერგვა ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.