რეფორმა გაზის სექტორში ერთ-ერთი ის ვალდებულებაა, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით აიღო. მას შემდეგ, რაც ენერგეტიკული ბირჟა სრულყოფილად გაიხსნება, შემდეგი ეტაპი უკვე გაზის ბირჟის ჩამოყალიბებაა. ამასთან, უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ელექტროენერგიით და ბუნებრივი გაზით ვაჭრობა ერთ ბირჟაზე განხორციელდება. აღნიშნული პროცესის განხორციელება მსგავსაც ენერგეტიკის სექტორისა, რამდენიმე მნიშვნელოვან ნაბიჯს გულისხმობს. უფრო კონკრეტულად, პირველ რიგში, საჭიროა ე.წ გამხოლოების პროცესი, როგორც ეს ენერგეტიკის სექტორში მოხდა. შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკულ ბირჟამდე სექტორში საწყის ეტაპზე ქსელის გამანაწილებელი და გადამცემი კომპანიები ერთმანეთისგან განცალკევდნენ.

სწორედ აღნიშნულია პოლიტიკის გატარება იგეგმება გაზის სექტორშიც. სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, რომ გაზის სექტორში რეფორმები აქტიურად მიმდინარეობს, ხოლო სამი მსხვილი კომპანიის მხრიდან გამხოლოებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზის პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

„ბუნებრივი გაზის სექტორში რეფორმები დაწყებულია. მარეგულირებელ კომისიას მომზადებული აქვს ძირითადი მეორადი საკანონმდებლო აქტების პროექტები, რომლებზეც სამუშაო ჯგუფებში შესაბამისი შეხვედრები მიმდინარეობს. ასევე ჩვენთან სამ კომპანიას, კერძოდ, თბილისი „ენერჯის“, „სოკარსა“ და „საქოგაზს“რომლებსაც გამხოლოების ვალდებულება აქვთ, რომლებმაც შესაბამისი დოკუმენტაცია უკვე წარმოდგენილი აქვთ. კომისია ამ ყველაფერს სწავლობს და მიმდინარე წლის ბოლომდე ეს პროცესი დასრულდება“. - აცხადებს დავით ნარმანია.