ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენელმა საქართველოში სალომე ჯანელიძემ ნეტო აღრიცხვის შესახებ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ნეტო აღრიცხვის პოლიტიკა საქართველოში დადებით უნდა შეფასდეს, რადგან გაიზარდა როგორც დადგმული სიმძლავრეების მოცულობა ისე რაოდენობა. თუმცა ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე, საჭიროა, ნეტო აღრიცხვის სისტემის ტრანსფორმაცია და ახალი მექანიზმის დანერგვა.
„ნეტო აღრიცხვის პოლიტიკამ საქართველოს ხელშესახები დადებითი შედეგები მოუტანა. ჩვენ თითქმის ნულიდან ავედით 100 მეგავატ ენერგიამდე. ამასთან სისტემაში ჩართული მომხმარებლების რაოდენობაც გაიზარდა და უკვე ათასს აჭარბებს. გარდა იმისა, რომ მომხმარებლებმა მიიღეს გარკვეული ფინანსური სარგებელი, ამავდროულად მეტი შეიტყვეს განახლებად ენერგიებზე, გახდნენ უფრო აქტიურები და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ პოლიტიკამ დადებითად იმოქმედა ქვეყანაზე. მაგრამ ახლა ვართ იმ ეტაპზე მისულები, როდესაც თუკი ასე გავაგრძელებთ, ეს პოლიტიკა გრძელვადიან პერიოდში მდგრადი აღარ იქნება. ამასთან, ნეტო აღრიცხვის პოლიტიკა უკვე აღარაა თავსებადი იმ ვალდებულებებთან, რომლებიც საქართველოს აქვს აღებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით. აქედან გამომდინარე, უკვე დროა ნეტო აღრიცხვა ჩანაცვლდეს თანამედროვე მექანიზმებით“. - აცხადებს სალომე ჯანელიძე.
სალომე ჯანელიძე ასევე აცხადებს, რომ ნეტო აღრიცხვის სისტემის შეცვლა უნდა მოხდეს ნეტო ანგარიშსწორების მექანიზმით, რომელიც მსოფლიოს წამყვან ქვეყნების აპრობირებული და წარმატებულია.
„ენერგეტიკულმა გაერთიანებამ ახლახან შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლებიც შეეხება თვითმოხმარების სქემების წახალისებას. ერთ-ერთი ძირითადი რეკომენდაცია არის ნეტო აღრიცხვის ჩანაცვლება ნეტო ანგარიშსწორებით. აღნიშნული გულისხმობს არა კილოვატების გაქვითვას, არამედ, პირველ რიგში, ცალ-ცალკე აღირიცხება რამდენი ელექტროენერგია აწარმოა მომხმარებელმა, რა მოცულობის ელექტროენერგია მიიღო ქსელიდან. იგი სრულად იხდის იმ ელექტროენერგიის საფასურს, რაც მან ქსელიდან მოიხმარა, ხოლო ქსელში მიწოდებულ ენერგიის სანაცვლოდ კი იგი იღებს გარკვეულ ანაზღაურებას მიმწოდებლისგან თუ სხვა განსაზღვრული პირისგან“. - აღნიშნა სალომე ჯანელიძემ.