2025 წელს ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების მოცულობა გაორმაგდება - ამის შესახებ სემეკის მიმდინარე წლის მესამე კვარტალის ანგარიშშია აღნიშნული. მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ სემეკი მუდმივ რეჟიმში უწევს კონტროლს სექტორში განხორციელებული ინვესტიციების ხარისხს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია მუდმივ მონიტორინგს უწევს რეგულირებად სექტორებში დამტკიცებული საინვესტიციო პროექტების შესრულების ხარისხს. მომავალ წლებში ინვესტიციების რაოდენობა გაორმაგდება, რაც ხელს შეუწყობს ქვესადგურების და გადამცემი ხაზების მოწესრიგებას, ქსელის გამართულ მუშაობას; შეამცირებს ძაბვის ვარდნას და ავარიულ წყვეტებს. გარდა ამისა, ხორციელდება მიწოდების საიმედოობასთან დაკავშირებული მდგომარეობის მონიტორინგი. სემეკის ტექნიკური ჯგუფები მთელი საქართველოს მასშტაბით ამოწმებენ სატრანსფორმატორო სადგურების გამართულობას, ქსელების საიმედოობას და ძაბვის ხარისხს.” - აცხადებს დავით ნარმანია.

აქვე შეგახსენებთ, რომ ელექტროენერგიის გამართული და სტაბილური მიწოდების უზრუნველსაყოფად სემეკმა გამანაწილებელი ქსელების ინსპექტირება დაიწყო, რაზეც უშუალოდ ანგარიშშიცაა აღნიშნული.

სემეკის სპეციალური ჯგუფი რეგიონებში ამოწმებს ქსელებს და დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში კომპანიებს უწესებს გამოსწორების ვადებს, რომელიც ასევე მკაცრი მონიტორინგის ქვეშაა. - აღნიშნულია მარეგულირებელი კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

უნდა აღინიშნოს, რომ ტექნიკური ინსპექტირება ჩატარდა კახეთსა და სამეგრელოში. ასევე, წყალტუბოსა და ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში. მოწმდება ქსელის რეაბილიტაციის საინვესტიციო გეგმის შესრულების მაჩვენებლები.