სს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა ჯაბა ხმალაძემ და შპს "ვინდ ენერჯი გრუპის” დირექტორმა გიორგი შუკაკიძემ ხელი მოაწერეს საპარტნიორო შეთანხმებას 45 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის განვითარების შესახებ.

ენერგეტიკის განვითარების ფონდის ინფორმაციით, მხარეების მიერ დაფუძნებული ერთობლივი საწარმო თერჯოლის მუნიციპალიტეტში საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, მწვანე ენერგიის მასშტაბურ პროექტს განახორციელებს. პირველ ეტაპზე დაგეგმილია სრული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის განხორციელება, რის საფუძველზეც განვითარდება პროექტი.

“საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს აქვს წარმატებული ისტორია ქარის ენერგიის განვითარების კუთხით, კერძოდ განხორციელებული აქვს საქართველოში პირველი, ოპერირებაში არსებული ქარის ელექტროსადგური. ამასთანავე, ფონდის პორტფოლიოში არსებობს განვითარების სხვადასხვა ეტაპზე არსებული ქარის ელექტროსადგურები.

აღნიშნული განახლებადი ენერგიის პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს  ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლებას, ელექტროენერგიის წყაროების დივერსიფიკაციას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას” - აცხადებენ ენერგეტიკის განვითარების ფონდში.