სემეკთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი 2022 წელს დაფუძნდა, რომელსაც სხვადასხვა ამოცანა აქვს. მათ შორისაა, ენერგეტიკის დარგში დასაქმებული სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა, მათ შორის სემეკის თანამშრომლების და რეგულირებული კომპანიების. ამასთან კიდევ ერთ მიზანს წარმოადგენს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და ენერგეტიკაში ინოვაციური პროცესების შემოტანა/დანერგვა.

უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წელსაც სასწავლო ცენტრი სხვადასხვა ტიპის პროექტებს აქტიურად ახორციელებს, მათ შორსაა ტრენინგები, მასტერკლასები და კვლევით მიმართულებები. ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორი ნუგზარ ბერიძე EnergyNews-თან საუბრისას აცხადებს, რომ წელს უკვე განხორციელდა სხვადასხვა ტიპის ტრენინგები როგორც ახალგაზრდებისთვის, ის ენერგეტიკის სფეროში მომუშავე სპეციალისტებისთვის.

„ჩვენი პირველი რიგის ამოცანა იყო სასწავლო კურსების ორგანიზება, რაც  მიმდინარე წლის პირველ ნახევარში წარმატებით განხორციელდა. ეს კურსები დაკავშირებული იყო ენერგეტიკის რეგულირების საფუძვლების გაცნობასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სატარიფო რეგულირების კუთხით სასწავლო ჯგუფის გადამზადება.

 ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ გაეროს ბავშვთა ფონდთან. მათთან ერთად უკვე მეორედ ვახორციელებთ პროექტს, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა შესაბამისი ტრენინგები თემაზე „განახლებადი ენერგიების როლი კლიმატის ცვლილებებისა და გარემოს დაბინძურების პრობლემების გადაჭრაში“. ამ ტრენინგში ჩართულები იყვნენ გურიის, სამეგრელოს, ზემო სვანეთისა და იმერეთის 500-მდე მოსწავლე სხვადასხვა სკოლებიდან. ცხადია, ეს ტრენინგები ემსახურება ენერგეტიკული მიმართულების პოპულარიზაციასაც.

მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კუთხით იყო კიდევ ერთი საინტერესო პროექტი - „ენერგეტიკა დაბადებიდან დღემდე“, რომლის მიზანიც იყო მცხეთა-მთიანეთის რეგიონების ახალგაზრდების ჩართვა ენერგეტიკის სხვადასხვა საკითხებზე სამსჯელოდ. პროექტი წარმატებით განხორციელდა.

გარდა ამისა, ჩატარდა თემატური მასტერკლასები. აღსანიშნავია USAID-ის ენერგეტიკული მომავლის პროექტი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ერთკვირიანი მასტერკლასები, სადაც ჩართულები იყვნენ როგორც მარეგულირებელი კომისიის, ისე რეგულირებადი კომპანიების წარმომადგენლები“. - აცხადებს ნუგზარ ბერიძე.

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ცენტრის კიდევ ერთ მიმართულებას კვლევითი პროექტები წარმოადგენს. მათ შორის აღსანიშნავია პროექტი „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება კომუნალური მომსახურების რეგულირების შესახებ“, რომელიც წელს დაიწყო და ახლაც მიმდინარეობს. ნუგზარ ბერიძის თქმით, პროექტი საშუალებას მოგვცემს კომუნალური მომსახურების რეგულირების ნაწილში გავიზიაროთ ისეთი ქვეყნების გამოცდილება, რომლებიც მსგავსად საქართველოსი პოსტ საბჭოთა ქვეყნებს მიეკუთვნებოდნენ და შეძლებს სოციალისტური წყობიდან საბაზრო ეკონომიკის რელსებზე გადასვლა.

„სასწავლო ნაწილთან ერთად ცენტრს აქვს კვლევით ნაწილიც, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია.  ამ კუთხითაც საკმაოდ წარმატებული წელი გვაქვს. პირველ რიგში, აღსანიშნავია საერთაშორისო პროექტები. მაგალითისთვის, შეგვიძლია ავიღოთ ვიშეგრადის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება  კომუნალური მომსახურების რეგულირების თაობაზე“. ამ პროექტის ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კვლევა ჩავატარეთ, რომლის შედეგადაც დადგინდა თუ რა დოზით იცნობს მოსახლეობა და განსაკუთრებით რეგულირებადი სექტორები სემეკის საქმიანობას და ზოგადად ფუნქციებს. ეს პროექტი ახლაც გრძელდება და უკვე დაგეგმილია ონლაინ ტრენინგები, რომელშიც ჩაერთვებიან ჩვენი პარტნიორი ქვეყნები: ჩეხეთი პოლონეთი და სლოვაკეთი. ქვეყნები წარმომადგენლები ამ ტრენინგების საშუალებით გაუზიარებენ მონაწილეებს გამოცდილებას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სამომხმარებლო ტარიფების განსაზღვრის საკითხებში, ბუნებრივი გაზის ბაზრის ლიბერალიზაციის საკითხებში, ინოვაციური ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერის საკითხებში. პროექტი მაქსიმალურადაა გათვლილი ბენეფიციარებზე. შეგახსენებთ, რომ ეს პროექტი უკავშირდება ჩვენი კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესს ევროკავშირის კანონმდებლობასთან“. - განაცხადა ნუგზარ ბერიძემ.

კიდევ ერთ კვლევით პროექტს ენერგეტიკის უსაფრთხოების საკითხი წარმოადგენს, რომელიც სამწლიანია. ნუგზარ ბერიძის თქმით, აღნიშნული კვლევა ხელს შეუწყობს ენერგეტიკის სექტორის კანონმდებლობასთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოჩენას, რომელიც ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიას.

„მნიშვნელოვანია ასევე კვლევითი თემა, რომელიც ხორციელდება რუსთაველის ფონდის დაფინანსებით. პროექტი ძირითადად ეხება ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებს. პროექტი სამწლიანია.  პირველ წელს საუბარი იყო გამოცდილებების გაზიარებაზე და ენერგეტიკული კანონმდებლობის შესწავლაზე, რათა გამოგვევლინა ის ხარვეზები, რაც არსებობდა“. 

გარდა ამისა, მიმდინარე წელს განახლდება სასწავლო ცენტრის ტრადიციული კურსები, რომელთან მიზანიც ბენეფიციარებისთვის რეგულირებული სექტორების შესახებ საბაზისო ცოდნის მიწოდება იქნება.

„სექტემბრიდან განვაახლებთ ჩვენს ტრადიციულ კურსებს, რომლებიც დაკავშირებულია ენერგეტიკის რეგულირების აქტუალურ საკითხებთან. მათ შორის, საბაზო კურსები, კერძოდ, ელექტროენერგიის რეგულირების საფუძვლები, გაზის სექტორის რეგულირების საკითხები და ასე შემდეგ“. - ამბობს ნუგზარ ბერიძე.