სემეკმა ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო. აღნიშნული პროცესი გულისხმობს სემეკის სპეციალური ჯგუფის მიერ გამანაწილებელი ქსელების ადგილზე შემოწმებას და მდგომარეობის შეფასებას.
უნდა აღინიშნოს, რომ სემეკი აქამდე, გამანაწილებელი კომპანიების მიერ შესრულებული ტექნიკური სამუშაოების შეფასების დროს ეყრდნობოდა დამოუკიდებელი ინსპექტირების აკრედიტებული კომპანიების აუდიტს. თუმცა, ერთ-ერთი ასეთი დამოუკიდებელი კომპანიის მიერ წარმოდგენილი დასკვნის გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ აუდიტი არ აღწერდა რეალურ სურათს და მოიცავდა უხეშ უზუსტობებს, არ ასახავდა კონკრეტულ ობიექტზე არსებულ ხარვეზებს, რომლებიც შესაძლოა ყოფილიყო სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელი.
“როგორც მოგეხსენებათ, ის ინვესტიციები, რომლებიც გამანაწილებელ ქსელში ხორციელდება, თავისთავად აისახება ტარიფშიც. სემეკი აანალიზებს განხორციელებულ ინვესტიციებს, ამტკიცებს საინვესტიციო გეგმებს და ამ ყველაფრის შედეგი უნდა აისახოს მომსახურების ხარისხის სტანდარტებზე, რომელიც აკონტროლებს თუ როგორია ენერგიის წყვეტის სიხშირე და რამდენად გაუმჯობესდა მომსახურება. გაუმჯობესებაზე საუბრისას უნდა ვნახოთ თუ რა გაკეთდა განხორციელებული ინვესტიციების შედეგად. ის, რაც კეთდება ქსელში უნდა იყოს სტანდარტების შესაბამისი და უნდა შეამციროს ელექტროენერგიის წყვეტა კონკრეტულ მომხმარებლებთან“. განაცხადა სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორმა ნუგზარ ბერიძემ.
ნუგზარ ბერიძე ასევე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპისთვის სემეკმა სამეგრელო-ზუგდიდის რაიონში 24 სოფელში არსებული ქსელები უკვე შეამოწმა, რომელთა ანალიზი ახლაც მიმდინარეობს.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უფრო მეტი ძალა დაგვეხარჯა, რათა ჩვენს მიერ ტარიფში ჩადებული ინვესტიცია ჰქონდეს ეფექტიანი შედეგი. ჩვენ უკვე დავიწყეთ რაიონებში ვიზიტი რათა დაგვეთვალიერებინა და შეგვემოწმებინა იქ არსებული გამანაწილებელი ქსელები. მათ შორის, ვიყავით სამეგრელო-ზუგდიდის რაიონში, სადაც დაახლოებით 20-დან 24 სოფლამდე მოვიარეთ, შევამოწმეთ ქსელის მდგომარეობა. ახლა მიმდინარეობს ამ შედეგების ანალიზი და ამ ყველაფერს მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ტექნიკური მონიტორინგის უფრო ინტენსიური წარმოება ჩვენი მხრიდან ამ მომენტისთვის აუცილებელია და სწორედ ამიტომ დავიწყეთ უფრო აგრესიული მონიტორინგი ამ ქსელებში ტექნიკური მდგომარეობის“. - აცხადებს ნუგზარ ბერიძე.
ნუგზარ ბერიძე ასევე აცხადებს, რომ სემეკის აღნიშნული ინსპექტირების პროცესს ქსელებში უახლესი 5 წლის განმავლობაში გააგრძელებს.
„ეს პროცესი უახლოესი 5 წლის განმავლობაში გაგრძელდება, რადგან ჩვენ ასეთი სახის შემოწმებისთვის სერიოზული დრო დაგვჭირდება. ჩვენ დაგვჭირდება ბევრი ვიზიტის განხორციელება, ამიტომ ამას გარკვეული დრო დასჭირდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ არა მხოლოდ ვამოწმებთ იმას თუ რა მდგომარეობაშია ქსელი, არამედ ვამოწმებთ უშუალოდ განახლებულ ქსელებსაც, რათა დავრწმუნდეთ არიან თუ არა ისინი სტანდარტებთან შესაბამისობაში“.- აღნიშნა ნუგზარ ბერიძემ.