საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, ლიცენზიატი კომპანიებისა და მობილური ოპერატორების (მაგთი, სილქნეტი, სელფი) ერთობლივი პროექტის ფარგლებში 2020 წლის დასაწყისში შესაძლებელი გახდა მომხმარებლებისთვის *303#-ის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა. 

თავდაპირველ ეტაპზე *303#-ის მომსახურება მომხმარებელს საშუალებას აძლევდა მიეღო ელექტრონული ქვითარი, შეემოწმებინა ბალანსი და დაეფიქსირებინა მომარაგების წყვეტა. მომსახურების დანერგვიდან ერთი წლის გასვლის შემდგომ სტატისტიკამ აჩვენა, რომ მომსახურებით სარგებლობამ მილიონს გადააჭარბა და მომსახურებაზე მოთხოვნა თვიდან თვემდე იზრდებოდა.

აღსანიშნავია, რომ სერვისზე მოთხოვნის გაზრდასთან ერთად 2021 წლის ბოლოს მომსახურებას დაემატა მომარაგების ხარისხის პრობლემის დაფიქსირების, ავარიული წყვეტისა და დარიცხვის გადამოწმების შესაძლებლობა. *303# მომხმარებელს დღეს უკვე საშუალებას აძლევს სხვა სერვისების მიღებასთან ერთად დააფიქსიროს მომარაგების პრობლემა და მოითხოვოს დარიცხვის გადამოწმება.

სემეკის განცხადებაში აღნიშნულია, რომ თუკი ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მომსახურების წყვეტაზე მომხმარებელს sms შეტყობინება არ მიუღია, მათ ეს ყველაფერი სწორედ *303#-ის საშუალებით უნდა დააფიქსირონ. აღსანიშნავია, რომ დაფიქსირებული წყვეტის აღდგენის დრო და რეაგირების ხარისხი პროგრამულად კონტროლდება სემეკის მიერ.

აქვე შეგახსენებთ, რომ *303# სემეკის მიერ დანერგილი მომსახურების ერთ-ერთი ფორმაა, რომლის ხარისხიც ელექტრონული მონიტორინგის სისტემის საშუალებით ხორციელდება დადგენილებით გათვალისწინებული საერთო და გარანტირებული სტანდარტებით. მათ შორის, საერთო სტანდარტებში შედის:

  • წყვეტის თარიღისა და ხანგრძლივობის თაობაზე მომხმარებელთა ინფორმირება – სტანდარტის შესასრულებლად გამორთვების საერთო რაოდენობიდან 90% უნდა იყოს დროულად ინფორმირებული;
  • შიდა არაგეგმური წყვეტის გამო გამორთული მომხმარებლებისათვის მომარაგების აღდგენა – სტანდარტის შესასრულებლად გამორთვების საერთო რაოდენობიდან 80% უნდა იყოს დროულად აღდგენილი;
  • ქოლცენტრის ოპერატორის პასუხის გაცემის დრო სატელეფონო ზარზე – სტანდარტის შესასრულებლად შესული ზარების რაოდენობიდან 80% უნდა იყოს 80 წამში ნაპასუხევი;
  • ელექტრომომარაგების წყვეტის საშუალო ხანგრძლივობის შემცირება;
  • ბუნებრივი გაზით/სასმელი წყლით მომარაგების წყვეტის საშუალო სიხშირის შემცირება.