სემეკმა ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო. აღნიშნული პროცესი გულისხმობს სემეკის სპეციალური ჯგუფის მიერ გამანაწილებელი ქსელების ადგილზე შემოწმებას და მდგომარეობის შეფასებას. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში კომპანიებს გამოსასწორებელი ვადები დაუწესდებათ, რომელთა შესრულება სავალდებულო იქნება.
კომისიის ამ გადაწყვეტილებას მომხმარებელთა ინტერესების დამცველი ნინო გულეიშვილი დადებითად და დროულ ნაბიჯად აფასებს. EnergyNews-თან საუბრისას ნინო გულეიშვილი აღნიშნავს, რომ მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან პრობლემას გამანაწილებელი კომპანიების მხრიდან ელექტროენერგიის უხარისხო მიწოდება წარმოადგენს, რის გამოც ხშირია საჩივრები, განსაკუთრებით კი რეგიონებში.
“ვფიქრობ სემეკის მხრიდან ტექინსპექტირების დაწყება დროული და კარგი ნაბიჯია. ჩვენ სამსახურში შემოსული ბევრი საჩივარი და განცხადება სწორედ ელექტროენერგიის უხარისხობასთან დაკავშირებულ პრობლემას ეხება. მომხმარებლები ხშირად მოგვმართავენ ძაბვის ცვალებადობის პრობლემასთან დაკავშირებით, მიუთითებენ ენერგიის უხარისხო და არასტაბილურ მიწოდებას. ასევე პრეტენზიები შემოდის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით რეგიონებიდან, სადაც მოხდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც უხარისხოდ განხორციელებულმა სამუშაოებმა პირუტყვის გარდაცვალებაც გამოიწვია. ჩვენი მხრიდან დავიწყეთ რეგიონების შემოწმება, რამდენიმე ადგილას ჩასვლის შემდეგ კი დავრწმუნდით, რომ ქსელის მდგომარეობა ზოგიერთ ადგილას საგანგაშო იყო. ყველაფერ ეს კი მიუთითებს, რომ ადგილი აქვს კომპანიების მხრიდან უხარისხოდ ან არასწორად შესრულებულ სამუშაოებს“. - აცხადებს ნინო გულეიშვილი.
მომხმარებელთა ინტერესების დამცველი აღნიშნავს, რომ სემეკის აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის ხარისხიან და უსაფრთხო მიწოდებას მომხმარებლებისთვის, რაც არსებულ პრობლემებს გადაჭრის.
„სემეკის გადაწყვეტილება ტექინსპექტირების დაწყებასთან დაკავშირებით დადებითად უნდა აისახოს არსებულ მდგომარეობაზე, რადგან კომისიის მხრიდან მონიტორინგის დაწყება ნიშნავს იმას, რომ კომპანიები უფრო ხარისხიანად და კვალიფიციურად განახორციელებენ პროექტებს. საბოლოო ჯამში, მათ მიერ შესრულებული სამუშაოები სტანდარტებთან შესაბამისობაში უფრო მეტად მოვა, ვიდრე აქამდე იყო და გამოიწვევს მოსახლეობის უწყვეტ და უსაფრთხო მომარაგებას ელექტროენერგიით“. - აღნიშნა ნინო გულეიშვილმა.
ნინო გულეიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ სემეკის მხრიდან გამანაწილებელი ქსელების ტექინსპექტირება არა მხოლოდ ხარისხს გააუმჯობესებს, არამედ ხელს შეუწყობს კომპანიების მხრიდან აღებული საინვესტიციო ვალდებულებების დროულად შესრულებას.
„აღნიშნული მონიტორინგის ჩატარება თავიდან ბოლომდე უზრუნველყოფს, რომ კომპანიებმა არა მხოლოდ შეასრულონ თავიანთი საინვესტიციო ვალდებულებები ხარისხიანად, არამედ ეს პროცესი განხორციელდეს და დასრულდეს მითითებულ დროში“. - განაცხადა ნინო გულეიშვილმა.