2023 წელს ჯივიპის მფლობელმა, ესპანურმა კომპანიამ Aqualia 10 წლიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა. მოცემული დოკუმენტის მიხედვით, ჯივიპის მხრიდან ყოველწლიურად წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია აქტიურად განხორციელდება. Energynews-თან საუბრისას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის აქტივების მართვის დირექტორი გიგა ნადირაძე აცხადებს, რომ მიმდინარე  წლის სარეაბილიტაციო პროექტების მთავარი პრიორიტეტი წყალმომარაგების მაგისტრალური მილებია, რომლებიც წყალსაცავებიდან მოსახლეობამდე სასმელი წყლის ტრანსპორტირებას ემსახურება. მისივე თქმით, 2024 წელს აღნიშნული პროექტი გამოიწვევს წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელზე ავარიების რიცხვის 100 კმ-ზე 4-ჯერ, წყალმომარაგების შეზღუდვების ხანგრძლივობის 2-ჯერ, ხოლო გათიშვის არეალის 4.5-ჯერ შემცირებას.

რას გეგმავს GWP 2024 წელს ქსელის რეაბილიტაციის კუთხით თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში? 

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მომდევნო სამი წლის განმავლობაში თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგებას რამდენიმე ასეული კილომეტრი სიგრძის ამორტიზებულ ქსელსა და კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ინფრასტრუქტურას განაახლებს, რაშიც ჯამში 363 მილიონი ლარის ღირებულების ინვესტიციას განახორციელებს. 2023 წელს ჯივიპის ახალი მფლობელი, Aqualia-ს მიერ ჩატარებული აუდიტის შედეგად დადგინდა, რომ წყალმომარაგების სისტემა მძიმე მდგომარეობაშია, ხანდაზმულია და განახლებას საჭიროებს ქსელების 62% და მაგისტრალური მილსადენების 85%. ჯივიპის 2024 წლის სარეაბილიტაციო პროექტების მთავარი პრიორიტეტი წყალმომარაგების მაგისტრალური მილებია, რომლებიც წყალსაცავებიდან მოსახლეობამდე სასმელი წყლის ტრანსპორტირებას ემსახურება. განსხვავებით ქალაქის შიდა ქსელებისგან, მაგისტრალური მილსადენები ასიათასობით აბონენტს ამარაგებს წყლით და შესაბამისად მათი გამართული ფუნქციონირება სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. რაც შეეხება კონკრეტულ პროექტებს, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს თბილისის ცენტრალური მაგისტრალური მილსადენების დაზიანებული მონაკვეთების განახლება, დაგეგმილია ბაგების მიმართულებით მაგისტრალური ქსელის სრული რეაბილიტაცია, რუსთავში მიმდინარეობს მდინარე ხრამიდან მომავალი ცენტრალური მაგისტრალური ქსელის რეაბილიტაცია. ასევე, რა თქმა უნდა, დაგეგმილია კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ისეთი ქსელების განახლება, სადაც ყველაზე ხშირად ხდება ავარიული დაზიანებები".

განსაზღვრულია თუ არა პრიორიტეტული უბნები? სად არის ყველაზე რთული მდგომარეობა? 
 
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალმომარაგების ქსელის სიგრძე 4000 კმ-ზე მეტია. როგორც აღვნიშნე, ქსელის 62% კრიტიკულ მდგომარეობაშია. ამორტიზებული ქსელი თბილისის ყველა უბანში გვხვდება, თუმცა ავარიების რაოდენობის მიხედვით ყველაზე კრიტიკული მდგომარეობა ამ ეტაპზე ისანი-სამგორისა და გლდანი-ნაძალადევის რაიონებშია. შესაბამისად უკვე დაიწყო რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები, მაგალითად, გახოკიძის, 
მეფრინველეობის, დავითაიას და ფიროსმანი-სააკაძის ქუჩებზე".


რა პერიოდში რამდენ მომხმარებელს გაუუმჯობესდება აბსოლუტურ მაჩვენებლებში წყალმომარაგება? 
 
"გასულ წელს ჯივიპის ახალმა მფლობელმა, ესპანურმა კომპანიამ Aqualia წყალმომარაგების სისტემის სიღრმისეული აუდიტის შედეგებთან ერთად 10 წლიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა. გეგმის ფარგლებში, ჯივიპის მიერ ყოველწლიურად განხორციელებული რეაბილიტაცია და საოპერაციო მიმართულებით ცვლილებები მოემსახურება მთავარ ამოცანებს: წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელზე ავარიების რიცხვის 100 კმ-ზე 4-ჯერ, წყალმომარაგების შეზღუდვების ხანგრძლივობის 2-ჯერ, გათიშვის არეალის 4.5-ჯერ შემცირებას.

აღსანიშნავია, რომ კომპანიას წარმოდგენილი აქვს 10 წლიანი სამოქმედო გეგმა, რადგან წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია რთული და კომპლექსური პროცესია და სისტემის სრული განახლება მასშტაბური ინვესტიციის გარდა შესაბამის დროს მოითხოვს".


რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის და თქვენი საქმიანობისთვის სემეკის მიერ ტარიფების ცვლილება? 
 
"სემეკმა ტარიფში ასახა ჯივიპის მიერ წარდგენილი საინვესტიციო გეგმა, რაც, რა თქმა უნდა, კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, რადგან დამტკიცებული საინვესტიციო გეგმა შესაძლებლობას მოგვცემს 2024-2026 წლებში ეფექტურად განვაახლოთ რამდენიმე ასეული კილომეტრი სიგრძის მოძველებული და კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ინფრასტრუქტურა, მაქსიმალურად შევამციროთ წყალმომარაგების შეზღუდვების სიხშირე, დრო და არეალი". - აცხადებს გიგა ნადირაძე.