მომხმარებლის უფლებების დაცვა და მათ პრეტენზიებზე დროული რეაგირება სემეკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საქმიანობას წარმოადგენს. უფრო კონკრეტულად კი საუბარია ენერგეტიკის, ბუნებრივი აირისა და წყალმომარაგებისსექტორებზე, სადაც მომხმარებლებს სხვადასხვა მიმართულებით პრეტენზია/საჩივრები აქვთ. უნდა აღინიშნოს, რომ მომხმარებლებს სხვადასხვა სექტორში სხვადასხვა სახის გამოწვევები აქვთ. როგორც მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი, ნინო გულეიშვილი აცხადებს, ენერგეტიკის სექტორში მთავარ გამოწვევას წარმოადგენს ენერგიის წყვეტები, რომელიც სისტემატური ხასიათისაა. ამ ყველაფრის მიზეზი კი ენერგიის გამანაწილებელ ქსელებში არსებული პრობლემებია.
„ელექტროენერგეტიკის სექტორი დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია. ჩვენ წლიდან წლამდე ვრწმუნდებით, რომ ზამთრის სეზონი მტკივნეული გადასატანია ჩვენი მომხმარებლებისთვის. ჩვენთან შემოსული საჩივრებისა და ასევე ჩვენ მიერ განხორციელებული ვიზიტებიდან რეგიონებში ირკვევა, რომ ენერგიის არსებული გამანაწილებელი ქსელები ვერ აკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს, არის ძალიან ბევრი დაზიანება, ხოლო ამინდის ცვალებადობა ამ პრობლემებს კიდევ უფრო ართულებს. გახშირებულია ელექტროენერგიის მიწოდების წყვეტები და მოსახლეობა ამასთან დაკავშირებით ბევრ საჩივარსაც გვიგზავნის.
ჩვენ სემეკთან ერთად ამ პრობლემებს აქტიურად ვსწავლობთ და დავრწმუნდით, რომ იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომელიც რეალურად ქსელთან დაკავშირებით არსებობს, საჭიროა წლიდან წლამდე მთელი რიგი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება“.- აცხადებს ნინო გულეიშვილი.
აქვე შეგახსენებთ, რომ ზემოთ აღნიშნული პრობლემის საპასუხოდ სემეკმა უკვე დაიწყე გამანაწილებელი ქსელების ტექინსპექტირების პროცესი, რათა გამოვლინდეს არსებული პრობლემები და მოხდეს მათი დროული გადაჭრა.
რაც შეეხება გაზის სექტორს, უფლებადამცველის განცხადებით, გაზის სექტორში მთავარ პრობლემას ზამთრის მოახლოებასთან ერთად უსაფრთხოება წარმოადგენს.
„რაც შეეხება ბუნებრივი გაზის სექტორს. ერთ-ერთი აქტუალური პრობლემა უსაფრთხოების თემას შეეხება. ზამთრის სეზონის დადგომა ყოველთვის უკავშირდება ჩვენი მხრიდან გათბობის სისტემაზე გადასვლასა და მის ჩართვას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზამთრის სეზონზე სახლი უფრო მეტად დახურული სივრცე ხდება და აღარ ნიავდება, ამიტომაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ბუნებრივი გაზის ქსელი და დანადგარები იყოს უსაფრთხო, იყოს სწორადაა დამონტაჟებული და ჰქონდეს შესაბამისი ექსპლუატაცია. ეს ყველაფერი კი იცავს მომხმარებლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. აქვე გეტყვით, რომ კომპანიებს ვალდებულება აქვთ წლიდან წლამდე მომხმარებლების სახლებში განახორციელონ ვიზიტი შესამოწმებლად. ეს ვიზიტი წინასწარი შეტყობინების სახით ყოველთვის იგზავნება, მომხმარებელმა კი იცის, რომ კომპანიის წარმომადგენელი მასთან კონკრეტულ დღეს უნდა მივიდეს. ასევე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც კომპანია შემოწმების შემდეგ გასცემს აუცილებლად უნდა შესრულდეს უსაფრთხოებისთვის“. - აღნიშნა ნინო გულეიშვილმა.
წყალმომარაგების სექტორში რამდენიმე სახის პრობლემა არსებობს, რომელიც სხვადასხვა სეზონზე იჩენს თავს.
„წყალმომარაგების სექტორში პრობლემები უფრო მეტად ზაფხულის სეზონზე მძაფრდება, რადგან გამრიცხველიანების პროცესი ჯერ არ დასრულებულა, ხოლო წყლის არარაციონალური ხარჯვა იწვევს სხვადასხვა ტიპის პრობლემებს. ზამთრის პერიოდში კი გვაქვს მიწოდების ავარიული შეფერხებები, რისი განმაპირობებელი ფაქტორიც სწორედ მკაცრი ზამთარია. განსაკუთრებით ეს პრობლემა დგას მთიან რეგიონებში. ჩვენთან უკვე რამდენიმე შეტყობინებაც დაფიქსირდა ამასთან დაკავშირებით, რის მოგვარებაზეც აქტიურად ვმუშაობთ“. - აცხადებს ნინო გულეიშვილი.